უნიკალური საარქივო მასალების გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისთვის

უნიკალური საარქივო მასალების გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისთვის

  • მარტი 18, 2025

მიმდინარე წლის 18 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, კერძოდ, იტალიაში ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბეგლარ თავართქილაძის თაოსნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს გადაეცა 1918-1921 წლების უნიკალური საარქივო მასალები – საქართველო-იტალიის დიპლომატიური მიმოწერა.

ღონისძიება აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა შესავალი სიტყვით გახსნა და აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ  არქივთან მეცნიერებათა აკადემიას დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, თავად აკადემიასაც მოცულობითი არქივი აქვს, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საარქივო მასალები ინახება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აკადემია ეგრეთ წოდებული მედიატორის როლშია. ღონისძიებაზე სიტყვით თავად ბატონი ბეგლარ თავართქილაძე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი ქალბატონი თეონა იაშვილი გამოვიდნენ. ბატონმა ბეგლარმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამ საშურ და საპატიო საქმეში მას გვერდით ედგნენ აკადემიკოსი ვალერი ასათიანი და ჟურნალისტი, პუბლიცისტი პაატა ნაცვლიშვილი. სწორედ პაატა ნაცვლიშვილის დიდი დამსახურებაა ხსენებული არქივის საქართველოში ჩამოტანა, აღსანიშნავია, რომ არქივი საკმაოდ მოცულობითია და 400 გვერდზე მეტ დოკუმენტს მოიცავს ხეთ ენაზე – ქართულ, რუსულ, იტალიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა ბრძანა, ეს ფრიად საინტერესო ფონდი ყველა დაინტერესებული პირისთვის და მკვლევრისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც ჩვენთან საუბარში  იტალიაში ამჟამად ქართული სათვისმოტო „კოლხეთის“ ხელმძღვანელმა ბატონმა ბეგლარმა აღნიშნა, მან ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო ხსენებული დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც ქართული დემოკრატიული მთავრობის ურთიერთობას ასახავს მაშინდელი იტალიის სამეფოსთან. დოკუმენტები ეხება იტალიაში არსებულ საიდუმლო მასალებს. ყველა დოკუმენტზე ხაზგასმით არის ნაჩვენები, რომ საქართველო იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ისინი დიდ მხარდაჭერას უცხადებდნენ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას.

„უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის, დღეს მოხდა დიდი მოვლენა, იტალიაში  დაუნჯებული ქართული საარქივო მასალა, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის და XX საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით ძალიან საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივს, რომელიც არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე დაწესებულება. ეს  არის უდიდესი მნიშვნელობის საქმე და ისტორიკოსებმა მოიპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალა  სამუშაოდ და კიდევ ის არის, რომ ჩვენ არ ვკარგავთ არც ერთ მარცვალს ჩვენი ისტორიიისა. დიდი მადლიერების გრძნობით მინდა მოვიხსენიო ბატონი ბეგი თავათქილაძე და ქალბატონი თეონა იაშვილი. წარმატებებს ვუსურვებ მათ თავიანთ საქმიანობაში“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, მოწვეული სტუმრები, მკვლევრები და მეცნიერები.