
სამეცნიერო მოხსენება – ივანე ჯავახიშვილის წინაპრები
- მარტი 21, 2025
მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მოხსენება – „ივანე ჯავახიშვილის წინაპრები“.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
მომხსენებელმა ისაუბრა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის (1876-1940) წინაპრებისა და ნათესავების შესახებ – მისი მამის ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილისა (1844-1912) და დედის – სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილის (1855-1928) მხრიდან.
როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილმა აღნიშნა, ნაშრომი იყოფა ოთხ ნაწილად: პირველში შესწავლილია ქართლის თავად ჯავახიშვილთა საგვარეულოს ისტორია, მეორეში გამოკვლეულია კახეთის თავად ვახვახიშვილთა გვარის ისტორია, მესამეში შესწავლილია თავად ჯავახიშვილთა საგვარეულო გერბები, ხოლო მეოთხეში დადგენილნი არიან ივანე ჯავახიშვილის უშუალო წინაპრები მამის მხრიდან, ანუ პირდაპირი (მამრობითი) ხაზით.
მოხსენებამ მსმენელთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და დასასრულ გაიმართა დისკუსია.