
აკადემიკოს ლია მელიქიშვილის მოხსენება – სიტუაციური მოდელების როლი საზოგადოებრივ ცნობიერებაში
- აპრილი 12, 2025
მიმდინარე წლის 10 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს ისტორიის საკითხების შესწავლის მიმართულების სამეცნიერო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომაზე მოხსენებით – „სიტუაციური მოდელების როლი საზოგადოებრივ ცნობიერებაში“ გამოვიდა აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – ზოგადად, სიტუაციური მოდელების შესაქმნელად ადამიანები ე.წ. ,,სიტუაციურ სქემებს” იყენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მუდმივად ქმნიან მოდელებს და ეს პროცესი არ არის თვითნებური და არ არის ძლიერ დამოკიდებული კონტექსტზე. ასეთ მოდელებს ლიტერატურაში „სოციალური სცენარების სქემებს“ უწოდებენ. როგორც წესი, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ადამიანებს უყალიბდებათ მეტნაკლებად სტაბილური კატეგორიები, რის საფუძველზეც იქმნება „სიტუაციური მოდელი“. ეს არის სიტუაციის, სოციალური გარემოს გადამუშავების მოდელები, რომელებიც უზრუნველყოფენ შემდგომში ინფორმაციის გადამუშავების ეფექტურ სტრატეგიებს და სხვადასხვა სიტუაციებს ძირითადად ერთი და იგივე საშუალებით (რესურსით) აანალიზებენ. ამის გამო, ხშირად, ეს სტრატეგია არარელევანტურია მოცემული სიტუაციისათვის. ამგვარად, სქემატური ,,კარკასი’’ სიტუაციის მეტნაკლებად ინვარიანტულია, თუმცა, ზოგიერთი სიტუაციისათვის არა ყველა კატეგორია და არა ყოველთვის რელევანტური აღმოჩნდება. ეს შეიძლება იყოს ცრუ ბრალდება, ბოროტი – მზაკვრული ცილისწამება. ამის საუკეთესო მაგალითია – მოვლენები დღეს საქართველოში „არა რუსულ კანონს” და გუშინ – „სისხლის ცილისწამება” ანუ რიტუალური მკვლელობის ლეგენდა: ანტისემიტიზმი პროექციული ინვერსიის პრიზმაში. და ხვალ?!…
მოხსენებამ დამსწრე საზოგადოებას შორის დიდი ინტერესი გამოიწვია; სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: ალექსანდრე დაუშვილი, პაატა სურგულაძე, გონელი არახამია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე და სხვ. აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ლია მელიქიშვილის მოხსენება უახლოეს მომავალში აკადემიის ჟურნალ „მაცნეში“ დაიბეჭდება.