
დიდი შემოქმედი
- აპრილი 24, 2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2025 წლის 22 აპრილს, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი (დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს, თბილისში).ზურაბ წერეთელი გახლდათ დიდი ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1980), თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1983), ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1997), რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1989); რუსეთის შემოქმედებითი აკადემიის ნამდვილი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი (1992); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1997); მსოფლიო ელიტის აკადემიის აკადემიკოსი (1997); რუსეთის ინფორმატიკის აკადემიის ნამდვილი წევრი (1998); სან-ფერდინანდის (მადრიდი) ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1998); საქართველოს სახალხო მხატვარი (1978); საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1979); რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი (1993). ასევე სხვადასხვა წლებში იკავებდა მაღალ თანამდებობებს; გახლდათ სხვადასხვა დიდი მუზეუმების დირექტორი, როგორიცაა ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეის დირექტორი; მისი მეცნიერული ინტერესების სფეროს წარმოადგენდა დაზგური და მონუმენტური ხელოვნების ყველა ჟანრი; იგი იყო ავტორი მრავალი ფერწერული ნამუშევრისა და მონუმენტური ქანდაკებებისა, რომლებიც დადგმულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (საქართველო, რუსეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი).
მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია : „პრომეთე“ (აშშ, 1979); „ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს“ ( აშშ, 1979); „ადამიანი და მზე“ (თბილისი, 1981); „ბოროტსა სძლია კეთილმან“ (აშშ, 1990); მხატვრულ-არქიტექტურული კომპლექსი „საქართველოს მატიანე“ (თბილისი, 1989-2009) და სხვა.
ზურაბ წერეთელი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახლდათ, მას მიღებული ჰქონდა: ხალხთა მეგობრობის ორდენი, წმინდა კონსტანტინეს ორდენი, საქართველოს ღირსების ორდენი (1996); ლენინური პრემია (1976); საკავშირო სახელმწიფო პრემია (1996); საქართველოს სახელმწიფო პრემია (2004) და სხვ.
ზურაბ წერეთელმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. მისი ნამუშევრები ყოველთვის იწვევდა ხალხის მოწონებას და აღფრთოვანებას.
ოჯახს, სადაც ის იზრდებოდა ხშირად სტუმრობდა ხელოვნების მოყვარული ხალხი, მათ შორის მხატვრები: დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე და სხვები. ბიძა — გიორგი ნიჟარაძეც მხატვარი იყო, ასე რომ ამ გარემოცვას უკვალოდ არ ჩაუვლია, შემდგომში, ზურაბის პროფესიის არჩევისას.
სკოლაში სწავლისას გაკვეთილებზე ხშირად ხატავდა პატარა ზურაბი, არდადეგებზე სოფელ გუბში ჩადიოდა ბებიასთან და ხალხურ შემოქმედებას ეცნობოდა. „სოფელში ჩასვლისას ქალაქის ბორკილები მძვრებოდა და ჩიტივით თავისუფალი ვიყავი“ — იხსენებს ზურაბ წერეთელი.
შემდგომში, იგი სწავლობდა თბილისის ხელოვნების აკადემიაში, სადაც უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე, იოსებ შარლემანი და ვასილ შუხაევი ასწავლიდნენ. მას იზიდავდა პანო, მოზაიკა, ვიტრაჟი და ქანდაკებები. ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და სხვადასხვა გამოფენის ხშირი სტუმარი იყო. 1958 წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემია. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო — „სპორტსმენის პორტრეტი“. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ეთნოგრაფიისა და ისტორიის ინსტიტუტში, ხშირად მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში.
1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი იყო. ბატონი ზურაბი ნიუ-იორკის კეთილი ნების ელჩი, ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, საბავშვო ფონდის “სასწაულების ბაღის” პრეზიდენტი (1988) და მოსკოვის საერთაშორისო “იუნესკოს დახმარების ფონდის” დამფუძნებელი გახლდათ. მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი მაღალი ქანდაკებაა მსოფლიოში.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“).
ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“, რომელიც საკუთარ ქალაქს აჩუქა.
2001 წლის 14 მაისს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ეზოში უნიკალური ექსპონატი გაჩნდა — „ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი“. ამ დიდებული კონსტრუქციის საწყისი ნაწილი, რომელსაც ფასდაუდებელი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ეიფელის კოშკის ასოციაციის წევრმა ანრი მორვანმა ზურაბ წერეთელს გადასცა. თავის მხრივ, ბატონმა ზურაბმა ახალი ინდუსტრიული ეპოქის ეს უნიკალური სიმბოლო, ავანგარდული ხელოვნების მაუწყებელი და წლების მანძილზე უტილიტარული ფუნქციის მატარებელი ეიფელის კიბის ფრაგმენტი მოსკოვში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩაიტანა. აღსანიშნავია, რომ თბილისში გახსნილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი „მომა“ ასევე ზურაბ წერეთლის დაარსებულია და დღემდე მასპინძლობს საუკეთესო გამოფენებს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის და საერთოდ მსოფლიო მასშტაბის ხელოვნებისთვის დიდი დანაკლისია ზურაბ წერეთლის გარდაცვალება. მისი სახელი ოქროს ასოებით სამარადჟამოდ ჩაიწერება მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. ის ხომ ხელოვნების ქურუმი გახლდათ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია