
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოებისა და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ერთობლივი სხდომა
- მაისი 28, 2025
2025 წლის 23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რომელზეც მოხსენებით ,,საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაბადება“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ისტორიის აკადემიური დოქტორი პაატა სურგულაძე წარსდგა.
სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ემზადება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 107 წლის აღსანიშნავად. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი ეხმიანება ქართველი ხალხის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. „მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ისტორიკოსების მიერ კიდევ ერთხელ იქნას გააზრებული და შეფასებული ეს უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტი ჩვენი ისტორიისა“ – აღნიშნა აკადემიის პრეზიდენტმა.
პაატა სურგულაძემ ისაუბრა იმ მძიმე და რთულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გაიარა, მსმენელის წინაშე წარმოაჩინა ის უმთავრესი და ძირითადი მოვლენები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ამ გზის წარმატებით დაგვირგვინებაში. მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები ეროვნულ საკითხს წინა პლანზე არასდროს აყენებდნენ და ამ საკითხში გარკვეულწილად ნიჰილისტები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მათ სწორად შეაფასეს იმჟამად არსებული პოლიტიკური ვითარება, შეძლეს მათთვის მიცემული ამ ისტორიული შანსის გამოყენება და ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს. წარმოდგენილი მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ოთარ ჯანელძემ.
ერთობლივი სხდომის მუშაობა შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს, კოლეგებს, დამსწრე საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის უდიდეს მნიშვნელობას ქართველი ხალხის ისტორიაში.