საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ეგიდით

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ეგიდით

  • ივნისი 4, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე,  აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო პროექტის კოორდინატორი საქართველოდან  და ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: ასოცირებული პროფესორები თამრიკო სუპატაშვილი და  კონსტანტინე ბზიავა, 2025 წლის 28 მაისი – 1 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო პროექტის BSB00091 „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი განვითარებისთვის (ALGAEREVIVE) 2021-2027 Interreg NEXT შავი ზღვის პროგრამის ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდნენ ქ. კონსტანცაში საერთაშორისო კონფერენციაში „წყალმცენარეებიდან ქმედებამდე: ეკოსისტემების აღორძინება მდგრადი მომავლისთვის“ მონაწილეობის მისაღებად რომელიც ჩატარდა რუმინეთში.

პროექტის შემსრულებლები არიან  მეცნიერები ევროპის 5 ქვეყნიდან: ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი და უკრაინა.

ევროკავშირის მიერ დაფინასებულ საერთაშორისო კონფერენციაზე აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი წარსდგა მოხსენებით – „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში წყალმცენარეების უსაფრთხოებისთვის მთავარი მდინარეების ესტუარებში წყლის ძირითადი პარამეტრების კვლევა“.

2025 წლის 1 ივნისს ქართულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროექტის ,,BSB00091(ALGAEREVIVE) 2021-2027 Interreg NEXT“ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში და პოსტ-კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ პროფესიულ-კულტურულ ექსკურსიაში ქ. კონსტანცას შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო საქმიანი შეხვედრები პროექტის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მონაწილე ორგანიზაციებთან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები  და დაინტერესებუ­ლი მხარეები) ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ხაზი გაესვა ქვეყნების ურთიერთ­თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას, საერთო მონაცემთა ბაზის შექმნას და ინფორმაციის გაცვლას შავი ზღვის ეკოსისტემების გაუმჯობესების მიმართულებით. საერთაშორისო კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.