ზურაბ აბაშიძის მონოგრაფიის წარდგენა

ზურაბ აბაშიძის მონოგრაფიის წარდგენა

  • ივნისი 4, 2025

მიმდინარე წლის 4 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქართული ენციკლოპედიის  მთავარი რედაქტორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ აბაშიძის მონოგრაფიის – „რუსეთის ქცევის წყაროები (1992-2021)“ წარდგენა.

სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო შემდგომ სიტყვა დაეთმო თავად წიგნის ავტორს.

აღსანიშნავია, რომ ნაშრომი ეხმიანება ცნობილი ამერიკელი დიპლომატისა და მეცნიერის, ჯორჯ კენანის სტატიას „საბჭოთა ქცევის წყაროები“, რომელიც 1947 წელს გამოქვეყნდა  და დიდი როლი შეასრულა „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კავშირის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებაში.

ნაშრომში განხილულია ის მთავარი მოვლენები და ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია დასავლეთთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობიდან ტოტალურ კონფრონტაციამდე. ეს გახლავთ 1992-2021 წლების პერიოდი, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან უკრაინაში ომის დაწყებამდე.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა რევაზ გაჩეჩილაძემ და ვაჟა ლორთქიფანიძემ, ასევე ივლიანე ხაინდრავამ, პროფესორმა გუგული მაღრაძემ, ისტორიკოსმა პაატა სურგულაძემ და სხვ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ  დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში ზ. აბაშიძის ახალი ნაშრომი ფრიად აქტუალურია. წიგნი ორენოვანია, ქართველი და ინგლისურენოვანი მკითხველისათვის.