
იოსებ ბიჭიკაშვილის წიგნის წარდგენა
- ივნისი 11, 2025
მიმდინარე წლის 10 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სამეფო სახლის ერთობლივი ორგანიზებით, აკადემიაში გაიმართა იოსებ ბიჭიკაშვილის წიგნის – „მეფეთ-მეფე ერეკლე II „ წიგნის წარდგენა. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო შემდეგ, სიტყვა გადაეცა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე დანიელს და სამეფო სახლის მეთაურს ბატონიშვილ ანა ბაგრატიონს.
ვრცელი მოხსენება წიგნზე მუშაობის და მისი გამოცემის შესახებ წაიკითხა წიგნის შემდგენელმა, ‘ბაგრატოვანთა სახლის“ და „საქართველოს სამეფო სახლის“ ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელმა იოსებ ბიჭიკაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მეფე გმირის ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთების (სიგელები, არზები, ბრძანებები, განჩინებები, წერილები) სრულ კორპუსს, რომლებშიც ქრონოლოგიურად დალაგებულია საისტორიო დოკუმენტები 1722-1746 წლებში. ნაშრომი ეფუძნება საარქივო, წერილობითი წყაროების ცნობებს და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემებს. წიგნი საინტერესოა როგორც სპეციალისტებისთვის, ისე ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გახლდათ მხოლოდ პირველი ტომი, შემდგომში ნავარაუდევია მისი გამოცემა 20 ტომად. წიგნი დაიბეჭდა ასოციაცია „წინაპარის“ მხარდაჭერით. წიგნის მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა აკადემიკოსი როინ მეტრეველი.