
სამეცნიერო მოხსენება
- ივლისი 17, 2025
მიმდინარე წლის 15 ივლისს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამეცნიერო სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: „სტალინის სავარაუდო წერილი პიუს XII-დმი და მისი შეხვედრა ამერიკელ მღვდელთან სტანისლავ ორლემანსკისთან“ წარდგა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი ლეილა (ია) ხუბაშვილი. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.
მომხსენებლის თქმით, ისტორიაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომლებიც მათი ცალსახად შეუფასებლობის ან იდეოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, დღემდე დისკუსიის საგნად რჩებიან. მათ შორის არის სტალინის სავარაუდო წერილი რომის პაპის პიუს XII-დმი გაგზავნილი და მისი შეხვედრა ამერიკელ მღვდელთან სტანისლავ ორლემანსკისთან. ქრონოლოგიურად ეს მოვლენები დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომში ვატიკანის მიერ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტთან და აშშ პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მცდელობასთან გაეუმჯობესებინა საბჭოთა კავშირის საერთაშორისო იმიჯი, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ამერიკული საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, არამედ ლენდ-ლიზის ასამოქმედებლად და მეორე ფრონტის გასახსნელად.
ამ პროცესებში რუზველტი იმედებს ამყარებდა ვატიკანზე, როგორც ყველაზე ინფორმაციულ და გავლენიან პოლიტიკურ აქტორზე. სტალინის სავარაუდო წერილი, რომელიც მან თითქოსდა რომის პაპს გაუგზავნა დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად სსრკ-ვატიკანს შორის არ იძებნება, ან ზედაპირზე არ დევს. ვატიკანშიც და კრემლშიც ამასთან დაკავშირებით დუმან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ვარაუდს არსებობის უფლება აქვს, ვინაიდან, მის შესახებ 1942-1943 წლებში ინფორმაცია გაავრცელეს ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტოებმა: იტალიურმა სტეფანიმ, ბრიტანულმა BBC და როიტერმა. ამ ყველაფრის გაგრძელება იყო სტალინის შეხვედრა პოლონური წარმოშობის ამერიკელ კათოლიკე მღვდელთან სტანისლავ ორლემანსკისთან 1944 წლის აპრილში. მოსკოვის რადიოსთან ინტერვიუში ორლემანსკიმ განაცხადა, რომ სტალინი მისდა გასაკვირად, კათოლიკური ეკლესიის მეგობარი აღმოჩნდა და მზადაა ვატიკანთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამ და მოხსენებაზე წარმოდგენილ სხვა ფაქტებთან დაკავშირებით როგორც ინგლისური, ისე რუსულენოვანი ავტორების განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალის მოძიებას და საკუთარი მოსაზრების გაანალიზებას.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია.