
ლიტერატურულ-მხატვრული კრებულის – „ვაჟა ფშაველა“ პრეზენტაცია
- ოქტომბერი 18, 2025
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ცნობილი ქველმოქმედის, წიგნის იდეის ავტორის, ბიზნესმენის ვახტანგ ვეფხვაძის თაოსნობით გამოცემული ლიტერატურულ-მხატვრული კრებულის „ვაჟა-ფშაველას“ პრეზენტაცია. წიგნის რედაქტორია მწერალი აკა მორჩილაძე, შემდგენელი ნანა ფრუიძე, ტექნიკური რედაქტორია ფოტოხელოვანი დემიკო ლოლაძე. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება კრებულის შესახებ გააკეთა ნანა ფრუიძემ, ხოლო სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიკოსები – ელიზბარ ჯაველიძე, ვალერი ასათიანი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, მინდია უგრეხელიძე, გიორგი კვესიტაძე და ელგუჯა ხინთიბიძე; ასევე წიგნის ირგვლივ ისაუბრეს ფოტოხელოვანმა დემიკო ლოლაძემ, პოეტმა ქეთი შენგელიამ, ლადო მინაშვილმა, პოეტმა ერეკლე საღლიანმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გიორგი ალიბეგაშვილმა და თავად წიგნის გამომცემელმა ბატონმა ვახტანგ ვეფხვაძემ. სხდომას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდა სასულიერო სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე.
რაც შეეხება თავად წიგნს, მასში შეკრებილია ისეთი გამოჩენილი მწერლების თუ პოეტების წერილები, მოგონებები და ესეები როგორებიცაა – ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე და სხვა მრავალი. ასევე მკითხველს შეუძლია გაეცნოს თავად ვაჟას ოჯახის წევრების მოგონებებს, ისეთებს, როგორიცაა – თამარ რაზიკაშვილი, გულქან რაზიკაშვილი, ეთერ რაზიკაშვილი და სხვ.
„მკითხველის სამსჯავროზე ამჯერად ბუმბერაზი ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი წიგნი გამოდის. თუ რა ადგილი უკავია ვაჟა-ფშაველას არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში, ამას, ვფიქრობ, ზედმეტი განმარტება არ სჭირდება. მთაწმინდაზე დავიბადე და გავიზარდე, ამიტომაც მეგობრებთან ერთად ხშირად ავდიოდი მამადავითზე, პანთეონში. იმ ჯერ კიდევ ყმაწვილკაცური მოგონებებიდან მეხსიერებაში სამუდამოდ აღმებეჭდა ვაჟა-ფშაველას საფლავის ჭეშმარიტად მეფური სიდიადე და გამაოგნებელი სისადავე, რომლის ერთადერთი სამშვენისი მასავით მოკრძალებული, თან მედიდური ფშაური ქვაა…“ აღნიშნავს წიგნის წინასიტყვაობაში ბატონი ვახტანგ ვეფხვაძე.
„ამ წიგნის ერთ-ერთი მიზანი ალბათ არის, რომ ერთგვარად მაინც დაანახოს მკითხველს ვაჟა-ფშაველას ცხოვრება, შეახსენოს მას დიდი ქართველი პოეტის ხასიათის, მისი თანამდევი რთული ყოველდღიურობის, იმ გარემოს შესახებ, რომელშიაც მოუწია ჭაპანის წევა ლუკა რაზიკაშვილს“ – აღნიშნულია წიგნის რედაქტორის – აკა მორჩილაძის წინათქმაში.