წიგნის – „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი“ წარდგინება

წიგნის – „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი“ წარდგინება

  • ოქტომბერი 18, 2025

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით ჩატარდა წიგნის – „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონის“ წარდგინება. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. შემდეგ, გამოცემის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა პროექტის ავტორმა და სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნუგზარ მგელაძემ. წიგნის ავტორ-შემდგენელნი არიან: თემურ ტუნაძე (ისტორიის დოქტორი, პროფესორი); ციალა ნარაკიძე  (ფილოლოგიის დოქტორი); ლილე თანდილავა (ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი); იაშა თანდილავა (ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი); მზია ჯღარკავა  (ფოლკლორის მკვლევარი) და  ბექა მგელაძე  (ისტორიის დოქტორი).

წიგნის ირგვლივ ასევე ისაუბრეს აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, წევრ-კორესპონდენტმა ელდარ ნადირაძემ, პროფესორებმა: პაატა ბუხრაშვილმა, ვახტანგ გოილაძემ, ერეკლე ჟორდანიამ და სხვ.

„ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი” ისტორიულად ჩამოყალიბებული იმ ტრადიციული კულტურული ფასეულობების განზოგადების პირველი ცდაა, რომელიც კოლხთა უშუალო შთამომავლებმა – ლაზებმა საუკუნეების განმავლობაში სოციალური ურთიერთობების, სამეურნეო ყოფის, მატერიალური და სულიერი კულტურის სფეროში შექმნეს და შემოინახეს. „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი” კონკრეტულ საველე-ეთნოგრაფიულ და ლიტერატურულ წყაროებს, საგნობრივი ტერმინების განმარტებებსა და მდიდარ ვიზუალურ _ ფოტომასალებს ეფუძნება. ლაზური განმარტებითი ეთნოლოგიური დასურათებული ლექსიკონი, რომელიც ლაზების კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ მოგვითხრობს, თავის კვლევებში არამხოლოდ დარგის სპეციალისტებს _ ისტორიკოსებს, ეთნოლოგებს, მხარეთმცოდნეებს, ფოლკლორისტებსა და ლინგვისტებს დაეხმარება, არამედ ყველა იმ დაინტერესებულ პირს _ მოგზაურსა თუ ტურისტს, რომელსაც სურს ლაზთა წარსულს, მათ ყოფასა და კულტურას უფრო ახლოს გაეცნოს. შესაბამისად, ლექსიკონი მათთვის ერთგვარ მეგზურის როლსაც შეასრულებს. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.