
გურამ შარაძე – 85
- ოქტომბერი 23, 2025
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ღირსეული ქართველი საზოგადო მოღვაწის, ფილოლოგის, ისტორიკოსის, პროფესორის, პოლიტიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ შარაძის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, ხოლო შემდეგ სიტყვა მისალმებისთვის გადაეცა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს.
ვრცელი მოხსენება – ამბავი „დაუმცხრალთა ტომის სამყოფელსა“ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მწერალმა, მთარმგმნელმა და პუბლიცისტმა ქეთევან ტომარაძემ.
მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, პროფესორი სოსო სიგუა, ჟურნალისტი მაყვალა ბერიანიძე და სხვ.
გურამ შარაძე 1940 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ, იქვე დაიწყო მუშაობა. იგი ასევე ხელმძღვანელობდა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს; მის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ქართული ემიგრაციის მუზეუმი; მას შესწავლილი ჰქონდა უორდროპების კოლექცია. გურამ შარაძე გახლდათ 50 წიგნის, მრავალი ნაშრომის და პუბლიკაციის ავტორი. გამოჩენილი მწერლის ილია ჭავჭავაძის შესახებ ორტომეული ნაშრომის გამოცემის შემდგომ იგი სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა. იგი ასევე დაჯილდოებული იყო ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიით.
გურამ შარაძე იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი, რისთვისაც მას 1992 წელს უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედალი გადაეცა. ბატონი გურამი იყო ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“-ის თავმჯდომარე. დიდია გურამ შარაძის ღვაწლი საქართველოს წინაშე, რასაც სათანადო დაფასება უნდა.
ღონისძიების ბოლოს სამადლობელი სიტყვით ბატონი გურამ შარაძის შვილი – რუსუდან შარაძე გამოვიდა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო აკადემიის ენის, ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილების მიერ.