დიდი მეცნიერი, აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა -100

დიდი მეცნიერი, აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა -100

  • ნოემბერი 4, 2025

გამოჩენილ ქართველ პალეონტოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ეროვნული მუზეუმის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, აკადემიკოს აბესალომ ვეკუას, 1 ნოემბერს 100 წელი შეუსრულდებოდა.

სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება საიუბილეო სესია და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს ტარდება  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

დღევანდელი კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის გენერალურმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე, წევრ-კორესპონდენტი ელდარ ნადირაძე, მეცნიერებათა დოქტორები: თენგიზ მეშველიანი და ჯუმბერ კოპალიანი, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ლორენცო რუკი და ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ბიენვენიდო მარტინეს-ნავარო. ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი აკადემიკოს აბესალომ ვეკუას შესახებ.

აბესალომ ვეკუამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული პალეონტოლოგიის განვითარებაში. იგი 200-მეტი მეცნიერული ნაშრომისა და ათი მონოგრაფიის ავტორი გახლდათ. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ამერიკის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში. მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში Nature (ბუნება) და  Science (მეცნიერება). მის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი ცხოველების რიგი წარმომადგენლები.

განსაკუთრებულია მისი წვლილი საყოველთაოდ აღიარებული დმანისის ფაუნისა და ჰომინიდების შესწავლის საქმეში. „1983 წელს დმანისის ნაქალაქარზე შუა საუკუნეების ორმოებში ნაპოვნ ძვლებში პალეონტოლოგმა აბესალომ ვეკუამ მარტორქის კბილს მიაკვლია, რომელმაც სხვა ნამარხებთან ერთად მას საშუალება მისცა განესაზღვრა დმანისის ქვედა შრეების გეოლოგიური ასაკი – ადრე პლეისტოცენი.’’ ეს ფრაზა ადამიანის  პალეონტოლოგიის მრავალ სახელმძღვანელოებშია შესული. აღნიშნულმა ფაქტმა სათავე დაუდო დმანისის აღმოჩენებს. დღეს საყოველთაოდაა აღიარებული, რომ დმანისში ნაპოვნი  ადამიანისა და ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები დაახლოებით 1,8 მილიონი წლით თარიღდება. ამ აღმოჩენებმა  თავდაყირა დააყენა  მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ. მისი ერთერთი ბოლო სტატია დმანისზე 2013 წლის ოქტომბერში ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა და მის ყდაზე მოხვდა. ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ აბესალომ ვეკუას მიერ შესწავლილი მარტორქის კბილების მინანქრიდან შესაძლებელი გახდა გაანალიზებულიყო 1.8 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია – ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტორქის კბილის მინანქრის პროტეომების კვლევამ მოლეკულურ პალეონტოლოგიაში ახალ მიმართულებას დაუდო საფუძველი.

აბესალომ ვეკუა სტუდენტობის პერიოდში შეხვდა გამოჩენილ მეცნიერს, აკადემიკოს ლეო გაბუნიას, რომელმაც განსაზღვრა მისი მომავალი პროფესიული ცხოვრება. ადრეულ წლებში ჩასახული ეს კავშირი იყო ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი. აბესალომ ვეკუა ბატონ ლეოს გარდაცვალებამდე დარჩა მის ერთგულ თანამებრძოლად.

აკადემიკოსი ლეო გაბუნია, და ბევრი გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი პალეონტოლოგი ერთხმად აღიარებდა ბატონი აბესალომის საოცრად მახვილ თვალსა და ანატომიის საუცხოო ცოდნას. ამიტომაცაა, რომ გადაშენებულ ცხოველთა მრავალი ახალი სახეობაა გამოყოფილი მის მიერ. გადაშენებული ირმის უცნობ/ახალ სახეობას ბატონი აბესალომის დიდი სამეცნიერო ავტორიტეტის გამო გამოჩენილმა გერმანელმა მეცნიერმა ჰანს კალკემ აბესალომი (Cervus abesalom Khalke, 2001) დაარქვა.

აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა თვითონ ატარებდა გათხრებს და საკუთარი ხელით მოიპოვებდა მასალას. მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა უკანასკნელი პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი გათხრები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს პალეონტოლოგიური ძეგლი, რომლის კვლევაშიც ბატონ აბესალომს მონაწილეობა არ მიუღია. დმანისში აღმოჩენილი თითქმის ყველა ჰომინიდის ნაშთი მისი ხელითაა ამოღებული.

ბატონი აბესალომის ორგანიზებულობა და საქმისადმი ფანტასტიკური ერთგულება ყოველთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

აადემიკოს აბესალომ ვეკუას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ლეო დავითაშვილის პრემია და სხვ.

ბატონი აბესალომი გამოირჩეოდა კოლეგებისადმი დიდი გულისხმიერებით   და სარგებლობდა მათი განსაკუთრებული სიყვარულით.

ქართული მეცნიერება ამაყობს მისი ერთგული მსახურით, როგორიცაა ბატონი აბესალომ ვეკუა.