ვეფხისტყაოსნის საქმისმეტყველება

ვეფხისტყაოსნის საქმისმეტყველება

  • ნოემბერი 7, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ა.წ. 31 ოქტომბერს ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ვეფხისტყაოსნის საქმისმეტყველება“ წარსდგა „რუსთაველის კომიტეტის“ ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი პარმენ მარგველაშვილი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – თანამედროვე ისტორიულ სიტუაციაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ცდილობს ღვთისა და ქვეყნის წინაშე გაცხადებული კონსტიტუციის შესაბამისად წარმართოს სახელმწიფო ცხოვრება, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ რუსთველის მიერ დაწყებულ საქმეზე, რომელიც ღვთის წინაშე პასუხისმგებლობით არის გაჯერებული და წარმოადგენს გასულ წელს გამოქვეყნებული წიგნის, „ვეფხისტყაოსნის საქმისმეტყველების“ ერთ-ერთ ძირითად ასპექტს.

ოქროს ხანის საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გამოწვევათა საპასუხოდ რუსთველმა გააცოცხლა, ააღორძინა და სახელმწიფოს მსოფლმხედველობრივ საყრდენად მოიმარჯვა ბიბლიის ქართულენოვანი ტექსტის საკრალურ ღირებულებად დამკვიდრებული განსაკუთრებულობა, ბიბლიური შესაქმის რჯულამდელი ეტაპის ის ქართულენოვანი აქცენტები, ანუ ის „ქართულად ნათარგმანები“ „სპარსული ამბავი“, რომელიც არსებით მნიშვნელობას ანიჭებს ღვთიური შესაქმის დანიშნულებით ასპექტს, ამქვეყნიურ ყოფაში „ორი ცხოვრების“ შანსის არსებობას და სამოთხისეული „ცხოვრების ხის“ ნაყოფის ამქვეყნადვე წვდომის შესაძლებლობას. ღვთიურ შესაქმეში საკუთარი ჩართულობა და ღვთის მსგავსებისაკენ სვლა რუსთველმა იმით გამოხატა, რომ მეფისა და დაინტერესებული მსმენელის შეწევნის მიზნით ლექსად გარდათქვა ქართულად ნათარგმანები სპარსული ამბავი და დაიწყო მნიშვნელოვანი საქმე, სათავე დაუდო   მიზანმიმართულ კომუნიკაციურ პროცესს – „საღმრთო“ და „საღმრთოდ გასაგონ რუსთველურ „შაირობას“.

ვეფხისტყაოსნის პროლოგის შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ რუსთველის საქმე და განზრახვითი ქმედება არის ღვთიურ შესაქმეში ჩართულობის ისეთი ფორმა, რომელიც ბიბლიური სწავლების სამოთხისეული გაკვეთილების შესაბამისად, ერთი მხრივ, ცოცხალ პიროვნულ ღმერთთან თანამშრომლობას გულისხმობს, მეორე მხრივ კი – რეალური მეფის სამსახურსა და მის შეწევნას. ცხადი ხდება, რომ კომპლექსური მიზანდასახულების დამტევ, სახელმწიფოებრივ და საზეო განზრახვით ქმედებად და საქმედ რუსთველს არჩეული აქვს არა უბრალოდ მონოლოგური აქტივობა და „თქმა ლექსებისა ტკბილისა“, არამედ ადრესატთან დიალოგური კომუნიკაცია – შაირობა, და მისი შეწევნის მიზნით, „საღმრთო საღმრთოდ გასაგონი“ სიბრძნის დარგის ფარგლებში, შექმნა საქმის წარმართვისათვის აუცილებელი ტექსტი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო პრესუპოზიციურ პირობას.

რუსთველის ტექსტის საკომუნიკაციო დანიშნულების ეფექტურობას და მისი სემანტიკური სტრუქტურის მთლიანობას უზრუნველყოფს სამი საყრდენი ელემენტის გადაჯაჭვულობა – საქართველოში, არაბეთში და ინდოეთში სამეფო ტახტზე თაობათა ცვლისა და ღვთივკურთხეულ ხელმწიფეთა შეწევნის სამი განსხვავებული ამბის ერთიანობის განცდა.

ტექსტის სემანტიკური სტრუქტურის პირველი საყრდენი ელემენტი წარმოდგენილია ვეფხისტყაოსნის პროლოგით. ის უკავშირდება საქართველოს ისტორიულ სიტუაციურ კონტექსტს და თამარ მეფის შეწევნის სახელმწიფოებრივი ამოცანის სამსახურის ფარგლებში წარმოაჩენს მიჯნური რუსთველის საქმეს. დანარჩენი ორი საყრდენი ელემენტი კი მოცემულია პოემის ძირითად ტექსტში და წარმოჩენილია ავთანდილისა და ტარიელის საქმეებით, შეწევნის თემის ორი სანიმუშო, სასწავლო მაგალითით, ორი ქვეყნის „იგავური ანალოგიით“ – არაბეთსა და ინდოეთში სამეფო ტახტზე თაობათა ცვლის დასრულებული და დაუსრულებელი ამბებით. პროლოგისა და ძირითადი ტექსტის სემანტიკური კონსტრუქციის ამ სამი საყრდენი ელემენტის მტკიცე კავშირი და გადაჯაჭვულობა ქმნის რუსთველის საქმის გაგრძელების დასაბამ პლატფორმას.

რუსთველის ტექსტში როსტევანის მიერ თინათინისა და ავთანდილის ცოლ-ქმრობის კურთხევით და ავთანდილის ხელმწიფედ ხელდასხმის მნიშვნელოვანი აქტით წყობილ მარგალიტად არის ქცეული და სრულქმნილია პირველი სანიმუშო სიუჟეტური რკალი, გადაჭრილია არაბეთში ქალი მემკვიდრის ხელმწიფედ დასმისა და მისი დაქორწინების პრობლემა, დასრულებულია სახელმწიფო მმართველობაში თაობათა ცვლა და მოცემულია შეწევნის თემის პირველი სანიმუშო მაგალითი, რუსთველის ტექსტის სემანტიკური სტრუქტურის ცენტრალური საყრდენი ელემენტი.

მეორე სანიმუშო მაგალითის სიუჟეტური რკალი კი მხოლოდ ნაწილობრივ არის დასრულებული. დასრულებულია ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის მიჯნურობისა და მათი კვლავ შეყრის ამბავი, მაგრამ მათი ინდოეთში დაბრუნებისა და გახელმწიფების საკითხი რთულ პრობლემად, მნიშვნელოვან გამოწვევად და რუსთველის საქმის განსახორციელებელი ნაწილის დასაბამ პლატფორმად არის მოცემული.

ტარიელის ინდოეთში დაბრუნება და გამეფება არის სახელმწიფო მმართველობაში თაობათა ცვლისა და სამეფო ტახტზე ღირსეული მემკვიდრის აღსაყდრების პრობლემა, იმ მემკვიდრის გამეფების პრობლემა, ვინც იქნება „ხელმწიფე სახითა მისმიერითა“ და „მეფე ღმრთისაგან სვიანი“, ვინც „იცის მეფობა“ და ვინც „ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათა ცოდნას“ ადეკვატური და ბრძნული საქმეებით წარმოაჩენს. ინდოეთის სამეფო ტახტზე თაობათა ცვლის სანიმუშო ამბავში მეფედ ტარიელის აღსაყდრების სირთულე კი უკავშირდება მიჯნურის მიერ მიჯნურობის გამოცნობისა და სიყვარულის ზრდის სირთულეს, რომელიც უკავშირდება ნესტან-დარეჯანის მიერ გაცხადებული სურვილისა და განზრახულების სრულქმნის ამპარტავნების ტოლფას გზას, რომელიც სასიძოს მოკვლას, მშობლებისა და აღმზრდელების წინააღმდეგ გალაშქრებას და მუქარითა და იარაღის დახმარებით ინდოეთის ტახტზე ასვლას გულისხმობს.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ინდოეთში დაბრუნებისა და გახელმწიფების, ანუ ტარიელის შეწევნის პრობლემის მკითხველთან ერთად განხილვა მთლიანად არის ორიენტირებული ადრესატის მოსალოდნელ აქტივობაზე, მის განზრახვით ქმედებასა და საქმეზე და უკავშირდება თამარ მეფის სახელმწიფო იდეოლოგიური ამოცანის მსახურებას, ანუ თამარ მეფის რეალური შეწევნის საქმეს.