აკადემიკოს რევაზ გაჩეჩილაძის მოხსენება

აკადემიკოს რევაზ გაჩეჩილაძის მოხსენება

  • იანვარი 28, 2026

2026 წლის 28 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

სხდომაზე მოხსენებით – „გეოპოლიტიკური გამოწვევები და საქართველო“ გამოვიდა აკადემიკოსი რევაზ გაჩეჩილაძე.

აკადემიკოსმა რევაზ გაჩეჩილაძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკა, როგორც ტერმინი, პირველად გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში და განვითარდა, როგორც მეცნიერება 1920-30-იან წლებში. მაგრამ იმის გამო, რომ ნაცისტურ გერმანიაში ის მიუსადაგეს დაპყრობითი პოლიტიკის გამართლებას. ამ ტერმინს არ იყენებდნენ საბჭოთა კავშირში და, დიდხანს არც დასავლეთის ქვეყნებში. ბოლო ათწლეულებში კი მისი გამოყენება გაფართოვდა. ამერიკელი მეცნიერი სოლ ქოენი მიიჩნევს, რომ „გეოპოლიტიკა“ არის „საერთაშორისო ურთიერთობების გეოგრაფიის“ ევფემიზმი.

გეოპოლიტიკა მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა გეოგრაფიულ ინფორმაციას, რომელიც ხშირად არის ხოლმე საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი. დამოუკიდებლობის დროინდელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ქვეყნის საერთა­შორისო მნიშვნელობის ძირითად მახასიათებლად მიიჩნევდა გეოგრაფიულ მდება­რეობას: უპირველესად იგულისხმება ეკონომიკურ-გეოგრაფიული (კერძოდ, სატრანს­პორტო-გეოგრაფიული) მდებარეობა, რომელიც მეტნაკლებად განსხვავებით სტაბი­ლური ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობისაგან, დროში ცვალებადია.

საქართველოს გეოპოლიტიკური გამოწვევები მნიშვნელოვანწილად განპირო­ბებულია გარე ფაქტორებით, ზოგადად მსოფლიოში და მის სამეზობლოში მიმდინარე პროცესებითა და ცდომილებებით.

მოხსენებაში განხილულ იქნა:

  • გეოპოლიტიკური ფონის ცვალებადობა „ცივი ომის“ დასრულების დროიდან თანამედროვეობამდე, რომელიც ხასიათდება არასტაბილურობითა და გაურკვევ­ლობით;
  • ვითარება საქართველოს უშუალო სამეზობლოში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისათვის“) ისტორიულ-გეოგრაფიული ფესვებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მიმართ.

მოხსენების დასასრულს დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები, კამათში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ვლადიმერ პაპავამ, ლია მელიქიშვილმა, ვლადიმერ ციციშვილმა, ბიძინა კორახაშვილმა, ელიზბარ ჯაველიძემ, მედიცინის და ფიზიოლოგიის სამეცნიერო განყოფილების სწავლულმა მდივანმა ანდრია შილაკაძემ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ აკადემიკოს რევაზ გაჩეჩილაძის მოხსენება – „გეოპოლიტიკური გამოწვევები და საქართველო“ მიღებულ იქნეს ცნობად.