ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- თებერვალი 19, 2026
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 13 თებერვალს ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გახსნა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები. კომისიის სხდომაზე მოხსენებით – „საზღვრისპირა მიტოვებული სოფლების აღორძინება“, გამოვიდა ივანე ჩოლოყაშვილი.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოსთვის დღეისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის არასიმეტრიულად განვითარების რეალობა, რაც მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი საფრთხეების შემცველია. აქედან გამომდინარე, მოხსენების საპრეზენტაციო თემატიკა მოიცავდა კვლევებს, რომლებიც ჩატარებულ იქნა 2016 წელს რეგიონალური კვლევების ცენტრის დაკვეთით ბატონი ივანე ჩოლოყაშვილის მიერ.
აღნიშნული კვლევები მოიცავდა საკითხებს, რომლებიც ეხებოდა საქართველოს საზღვრებს მეზობელ, მოსაზღვრე ქვეყნებს, მათთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეკომენდაციებს მათ დასარეგულირებლად. ამას გარდა, მოხსენებაში განხილული იყო დემოგრაფიული პრობლემები და მოსახლეობის მიერ მიტოვებული სოფლების დასახლების და მათი დასაქმების შესაძლებლობები; მოსაზღვრე ქვეყნებთან კონფლიქტების არსებობის შემთხვევებში, ამ კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საშუალებები.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ავთანდილ არაბულმა და ლია მელიქიშვილმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ირაკლი ბათიაშვილმა, პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა და ჟურნალისტმა მაყვალა ბერიანიძემ.
