წიგნების – „ქართლის ცხოვრება“ და „მეფე პოეტები“ პრეზენტაცია

წიგნების – „ქართლის ცხოვრება“ და „მეფე პოეტები“ პრეზენტაცია

  • თებერვალი 22, 2026

მიმდინარე წლის 20 თებერვალს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ორი მნიშვნელოვანი აკადემიური გამოცემის „ქართლის ცხოვრება“, მესამე ტომისა და ორტომეულის „მეფე პოეტები“ პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო ცენტრი კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, სასულიერო სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, აკადემიის წევრები და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები.

ამ მნიშვნელოვანი გამოცემების შესახებ ისაუბრეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გონელი არახამიამ, ისტორიის დოქტორმა გია გელაშვილმა, ფილოლოგმა ლანა გრძელიშვილმა, აკადემიკოსებმა ვალერი ასათიანმა და ჯაბა სამუშიამ. პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს გამოცემათა სამეცნიერო მნიშვნელობაზე, ტექსტოლოგიურ თავისებურებებსა და ქართული ისტორიულ-ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევის თანამედროვე პერსპექტივებზე.

„ქართლის ცხოვრების“ მესამე ტომში თავმოყრილია XVIII საუკუნის ქართველ ისტორიკოსთა მნიშვნელოვანი თხზულებები: სწავლულ კაცთა კომისიის მიერ შედგენილი „თამარის ისტორია“, სეხნია ჩხეიძის „ისტორია“, პაპუნა ორბელიანის „ამბავი ქართლისანი“, ომან ხერხეულიძის „შემოკლებული ისტორია“, აგრეთვე XVII საუკუნის ისტორიკოსის, ფარსადან გორგიჯანიძის, თხზულება „საქართველოს ცხოვრება“. წარმოდგენილი ტექსტები მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული ისტორიული აზროვნების განვითარების კვლევისათვის.

ამ გამოცემის სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფში შედიან: ზაზა აბაშიძე, გონელი არახამია, გია გელაშვილი და ლანა გრძელიშვილი. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის, მლ. ფუთურიძის, რ. კიკნაძის და მ. კახაძის მიერ. წიგნი გამოცემულია სიმონ ყაუხჩიშვილის საერთო რედაქციით.

რაც შეეხება ორტომეულს –  „მეფე პოეტები“, მასში გაერთიანებულია ქართველი მეფეების დავით აღმაშენებლის, დემეტრე I-ის, თამარ მეფის, თეიმურაზ I-ის, არჩილ II-ის, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის პოეტური შემოქმედება. ტექსტები მომზადებულია აკადემიური სიზუსტით და ეყრდნობა როგორც უკვე არსებულ სამეცნიერო გამოცემებს, ისე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს. გამოცემებში გამოყენებულია აღნიშნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების ციფრული ასლები, რაც გამოცემებს დამატებით წყაროთმცოდნეობით ღირებულებას ანიჭებს.

ორტომეული „მეფე პოეტები“ მომზადდა აა(ი)პ „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ მიერ, გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. „ქართლის ცხოვრების“ მესამე ტომი გამოსცა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური ცენტრისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ფინანსური მხარდაჭერით. „მეფე პოეტების“ სარედაქციო ჯგუფში შედიან: ზაზა აბაშიძე, ნინო გიორგაძე, ლანა გრძელიშვილი, ნათია დუნდუა და თამარ მჭედლიძე.

გამოცემები წარმოადგენს ქართული ისტორიოგრაფიული და ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშებს და მიზნად ისახავს ისტორიული წყაროებისა და სამეფო პოეტური ტრადიციის ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც მკვლევართათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.