ციური მეოხი

ციური მეოხი

  • მარტი 19, 2026

უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართველმა საზოგადოებამ. აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. ქართველი ხალხი გულწრფელად დანაღვლიანდა. ჩვენი დიდი პატრიარქი იმ დროს აღსაყდრდა საკათედრო ტახტზე, როცა ქართულ ეკლესიას ,,სუდარა ჰქონდა გადაფარებული“. ქვეყანას მისი სახით მოევლინა ღმრთის კაცი, რომელმაც ნათელი მოჰფინა ქართველთა სამკვიდრებელს. სწორედ ილია მეორეს დავსტირით ალალი, ცხარე ცრემლით. ვერ დაგვირწმუნებია თავი ამ გონებით სავსე პიროვნების, ერის ნამდვილი მწყემსის  ამ ქვეყნიდან წასვლის გამო.

დიდი პატივი იყო ილია II-სთან კეთილი ურთიერთობა. მისი სიყვარულით სავსე დამოკიდებულება, ზოგჯერ ერთობლივი საქმიანობა. დაუვიწყარია ჩემთვის მისი კმაყოფილება და სიხარული უნივერსიტეტის ეზოში დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის აშენებით გამოწვეული, დაუვიწყარია მისი სიხარული მეტად მნიშვნელოვანი წიგნის ,,დიდნი საქმენის“ გამოცემით, ბევრი სხვა საქმეები. მე მის აღსაყდრების ცერემონიალსაც ვესწრებოდი, რის შესახებაც მინდა ვაუწყო დამწუხრებულ საზოგადოებას.

1972 წლის 9 ნოემბერს გარდაცვლილი დავით VI-ის შემდეგ წმინდა სინოდმა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი საქართველოს პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა. 1977 წლის 23 დეკემბერს ილია შიოლაშვილი პატრიარქად აირჩია წმინდა სინოდმა.

25 დეკემბერი 1977 წლისა გამორჩეული თარიღია საქართველოს ისტორიაში. სწორედ ამ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ვითარებაში მოხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ქართველი საზოგადოებისათვის თავისი მაღალი განათლებით, კულტურითა და მრავალი კეთილი, მამულიშვილური საქმის კეთებით კარგად ცნობილი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია შიოლაშვილის აღსაყდრება – იწოდა ილია II-დ, უწმინდესად და უნეტარესად.

ნიშანდობლივია, რომ ინტრონიზაციას დაესწრო: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთიდან – არქიმანდრიტი ნაუმი, სომეხთა კათალიკოსი ვაზგენ I, მრავალი უცხო სტუმარი. ამაყი ვიყავი იმით, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვესწრებოდი ამ ზეიმს.

დღესდღეობით პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მკვეთრად მოჩანს მისი განუზომელი ღვაწლი – როგორც საეკლესიო, ისე სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. მისი უდიდესი დამსახურება სახეზეა – ხალხი ერთობლივ შემობრუნდა ეკლესიისკენ.

არ შემიძლია საგანგებოდ არ აღვნიშნო ილია II-ის მტკიცე ურთიერთობა უმაღლეს სასწავლებლებთან, მეცნიერებათა აკადემიასთან, სხვა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრებთან. „ჩვენ – აღნიშნავდა პატრიარქი – მეგობრულ ხელს ვუწვდით ინტელიგენციას და მოხარულნი ვიქნებით, თუ შევძლებთ ერთად ვითანამშრომლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.“ პატრიარქის ყურადღება არ მოჰკლებია უმაღლეს სკოლას, სტუდენტობას. წლების მანძილზე ყოველ პირველ სექტემბერს, ილია II უნივერსიტეტს სტუმრობდა, ესალმებოდა, სწავლის დაწყებას ულოცავდა და გულწრფელად ლოცავდა. იგი არაერთგზის სწვევია სოფელ ფოკას, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები ზაფხულს ატარებდნენ და მონასტრულ ცხოვრებას ეზიარებოდნენ.

დაუვიწყარია პატრიარქის ხალხთან დგომა. ჩვენ ვნახეთ 1989 წლის 9 აპრილს მან მთელ საქართველოს ამცნო მოსალოდნელი საფრთხე – ხალხის გვერდზე დადგა. პატრიარქის მცდელობით ეკლესიამ აღადგინა და ააღორძინა თავისი ტრადიციები. შესაბამისად გაიზარდა მეცნიერთა და ხელოვნების მუშაკთა როლი, გულისხმიერად მოეკიდონ ერის სულიერი განათლების საქმეს, მხარში ამოუდგნენ მშობლიურ ეკლესიას და ემსახურონ მას.

არ არის შემთხვევითი, რომ ილია მეორე ხალხმა ჭეშმარიტ სულიერ მამად მიჩნია. ეს კარგადაა გამოხატული  ლექსში:

„იმედო ქართვლისა!

 შენს ეპისტოლეს გულზე ვიწერთ

მუნ სიბრძნით გათვლილს

წარუძეხ მამულს უფლის რწმენით

მაცხოვრის ხატით

 და სამი სიტყვით ილია მართლის!“

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. აქ ქრისტიანობა მოციქულებმა და მოციქულთა სწორებმა გაავრცელეს. 2000 წელი ქრისტეს მადლი ადგას გვირგვინად ქართველ ხალხს, საქართველოს. ჩვენმა დიდმა პატრიარქმა სწორედ ქრისტიანობის წინ წამოწევითა და გაძლიერებით გაზარდა ქვეყნის სიყვარული ხალხში, კეთილი ურთიერთობა ადამიანებში. წავიდა იგი ჩვენგან, წავიდა ციურ სამყაროში. ბედნიერია ქართველი ერი და საქართველო, რომ მას კიდევ ერთი ციური მეოხი შეემატა. სამშობლოს გამთლიანება, ერთგული სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ქვეყნის ინტერესების მაღლა დაყენება – აი რას გვასწავლიდა აწგანსვენებული ილია მეორე. ვფიქრობ, საქართველო, ქართველი ხალხი სწორად შეიმეცნებს დიდი პატრიარქის დანაბარებს და სწორი გზით ივლის სიკეთისაკენ.

 

როინ მეტრეველი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი