ალექსანდრე ასლანიკაშვილი – 110
- მარტი 23, 2026
2026 წლის 17 მარტს 110 წელი შესრულდა ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის, კარტოგრაფიის თეორიის დარგში მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის, ალექსანდრე ასლანიკაშვილის დაბადებიდან. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართული საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ. მოხსენება ალექსანდრე ასლანიკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცლად წარმოადგინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ნანა ბოლაშვილმა. მოგონებებით ასევე გამოვიდნენ ბატონი ალექსანდრეს მოწაფეები, მისი საქმიანობის გამგრძელებლები: გულიკო ლიპარტელიანი, დალი ნიკოლაიშვილი, ციალა ბექურაიძე, თენგიზ გორდეზიანი, ნოდარ მათიაშვილი, მანანა შერაშენიძე და სხვ.
ალექსანდრე ასლანიკაშვილმა შრომითი საქმიანობა დაიწყო 1933 წელს ამიერკავკასიის გეოდეზიის სამმართველოს ტოპოგრაფად.
1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,რელიეფის კარტოგრაფიული გენერალიზაციის საკითხისათვის“, სადაც რელიეფის მაღალმხატვრულ გამოსახვაში წარმატებით გამოიყენა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში სწავლისას მიღებული ცოდნა.
საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში ტერიტორიულ საკითხებზე მუშაობისას მან კარტოგრაფიული თვალსაზრისით შეისწავლა XVI საუკუნის თურქული ხელნაწერი წიგნი ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (პროფესორ სერგი ჯიქიას თარგმანი) და შეადგინა ამ ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფის, მოსახლეობის სიმჭიდროვის, სოფლის მეურნეობის კულტურების და დარგების განლაგების რუკები. 1953 წელს ქართულ ენაზე გამოიცა მის მიერ შედგენილი გურჯისტანის ვილაიეთის რუკა 1:300 000 მასშტაბში.
1951 წელს მან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც 1957 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა კარტოგრაფიის განყოფილებას. 1978-1979 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 1979-1981 წლებში, გარდაცვალებამდე, გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი.
ბატონი ალექსანდრეს სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი არეალია კარტოგრაფიის თეორიის საკითხების კვლევა, რაც აისახა მის ფუნდამენტურ ნაშრომებში.
იგი იყო პირველი საბჭოთა გეოგრაფი-კარტოგრაფი, რომელიც 1979 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, იგი 1966-1975 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციას და იყო ენციკლოპედიის სტატიების და რუკების ავტორი.
ალექსანდრე ასლანიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მუშაობაში, იყო მისი სწავლული მდივანი, პრეზიდიუმისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი, 1980 წლიდან საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი.
ბატონი ალექსანდრე 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიცოცხლე გრძელდება მის იდეებში, ნაშრომებში, მის მიერ აღზრდილ სტუდენტებში.














