საერთო კრება

საერთო კრება

  • ივნისი 29, 2026

მიმდინარე წლის 24 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან აღნიშნა, რომ თავის 85 წლის იუბილეს აკადემია ძალიან საინტერესო გამოცემებით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ სარედაქციო კოლეგიამ გამოსცა კრებული სახელწოდებით – „ქართული მეცნიერება აკადემიის 85-ე წლისთავზე“; ასევე ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ გამოსცა აკადემიის დაარსების დღიდან მოყოლებული აკადემიკოსების და წევრ-კორესპონდენტების ცნობარი სახელწოდებით – „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები (1941-2026); ნინო კაკულიას ავტორობით გამოიცა წიგნი – „მეცნიერებათა აკადემიის შვიდი პრეზიდენტი – მადლიერების ქრონიკა“ და პროფესორ პარმენ მარგველაშვილის ავტორობით – „აკადემიის 85 წლის იუბილე“.

საერთო კრებაზე ვრცელი მოხსენებით და აკადემიის 2025 წლის ანგარიშით წარსდგა გონელი არახამია, აკადემიის საორგანიზაციო-სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი. მან დაწვრილებით განიხილა აკადემიის წევრების გასული წლის მიღწევები, ასევე კომისიების, სამეცნიერო განყოფილებების, დეპარტამენტების მუშაობის შედეგები, რომელიც წიგნადაა გამოცემული.

შემდეგ საკითხად წარმოდგენილი იყო აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ვლადიმერ ციციშვილის და ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად, აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის ახალი ვადით არჩევა.

სხდომის დასასრულს გაიმართა არჩევნები ფარული კენჭისყრით და ახალი ვადით, ხმათა უმრავლესობით, არჩეულნი გახლდნენ აკადემიკოსები: ვლადიმერ ციციშვილი და რამაზ ხეცურიანი.