3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე

3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე

  • ივნისი 29, 2026

მიმდინარე წლის 25 ივნისს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო სხდომა, რომელზევ გამოტანილი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ბუხრაშვილის მოხსენება – „3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე“. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა.

მოხსენება შეეხებოდა შირაქის ზეგანზე, დღევანდელ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მთა ,,ნაზარლები“-ს თხემზე, ახლადაღმოჩენილ გვიანი ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის (წ.წ. XII–X ს.ს.) არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც 2017-2022 წ.წ-ში შეისწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალლეს მარტინ ლუთიერის უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

მომხსენებლის თქმით, 2007-2009 წლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და ძალისხმევით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მთა ნაზარლებზე, წინასწარ შერჩეული და უკვე ადრიდანვე ცნობილი არქეოლოგიური კომპლექსის – ნაქალაქარის მიდამოებში, აკადემიკოს კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა არქეოლოგიური საველე სამუშაოები.

2016 წლის ნოემბრის თვეში, პროფ. ფ. ბლოხერის საქართველოში სტუმრობის პერიოდში, ქვემო ქართლისა და კახეთის არქეოლოგიური ძეგლების მონახულებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფრასტუქტურის გაცნობის შემდეგ, დაიწერა კვლევითი განაცხადი გერმანიის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების წინაშე (DOG – Deutsche Orient-Gesellschaft), ნაზარლების გვიანი ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის ნამოსახლარზე პირველი ფართო ხასიათის დაზვერვითი სამუშაოების ჩასატარებლად თანხების გამოყოფის თაობაზე.

სწორედ, აღნიშნული საზოგადოებიდან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, შესაძლებელი გახდა წლების წინ შეჩერებული სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი  პროექტის – „კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან“ განახლება.

2017-2022 წ.წ.-ში ჩატარდა ხუთი საველე-არქეოლოგიური კამპანია, რის შედეგადაც, მთა ნაზარლების თხემზე განლაგებულ არქეოლოგიურ ძეგლზე, კერძოდ კი მის ზედა ტერასაზე, გამოვლინდა და გაითხარა გვიანი ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის სატაძრო-საკულტო ძეგლი, –  „ნაზარლების სამლოცველო“-დ სახელდებული.

2018 წლის 11 სექტემბერი, განსაკუთრებული გამოდგა მთელი კამპანიის განმავლობაში. ამ დღეს, ნამოსახლარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური საველე სამუშაოების პროცესში, თამამად შეიძლება ითქვას, უნიკალური, ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო ნივთებისგან შემდგარი განძი გამოვლინდა, რომელიც, როგორც შემდგომში გაირკვა, ნაქალაქარის ციტადელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკულტო ნაგებობის ინტერიერში, დასავლეთ კედელთან იყო განლაგებული.

მომდევნო დღეების მანძილზე, ნაგებობის სამშენებლო ტრადიციის დასაფიქსირებლად, საფუძვლიანად გასუფთავდა გამოვლენილი კედელი. პარალელურად, ზედაპირიდან 70 სმ-დე დაღრმავდა ნაგებობის ინტერიერი. გაიწმინდა და დაფიქსირდა ბრინჯაოს განძის სიახლოვეს კონცენტრირებული კერამიკა.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნაზარლების ნამოსახლარზე გამოვლენილი სამლოცველო, იმ პერიოდისთვის (გვიანი ბრიჯაო – ადრე რკინის ხანა), ალბათ გახლდათ აღნიშნულ მხარეში არსებული ერთგვარი წინარესახელმწიფოებრივი გაერთიანების ცენტრი, რომლის გარშემოც ერთიანდებოდა საკმაოდ მოზრდილი და მძლავრი სოციალური ორგანიზაცია.

ნაზარლების სამლოცველოს აღმოჩენა და სრულად შესწავლა თანმდევ ნამოსახლართან ერთად, კიდევ იმითაა დიდმნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ მის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს და დადგინდეს ის საზოგადოებრივ-სათემო ურთიერთობების ფორმები, რომლებმაც საფუძველი დაუდო ამ მხარეში, ქრონოლოგიურად უფრო მოგვიანო ხანებში კარგად შესწავლილი ადრე ელინისტური და ელინისტური საზოგადოებრივი სატაძრო თემების შექმნა-ჩამოყალიბებას.

და ბოლოს, ნაზარლების სამლოცველო, (როგორც ამაზე მიგვანიშნებს აქ განვითარებული ძლიერი ნგრევის კვალი) განადგურებული უნდა იყოს მტრის შემოსევის შედეგად, რასაც თან დაერთო შესაძლო დიდი კლიმატური ხასიათის ცვლილებებიც; რამაც, თავის მხრივ გამოიწვია ამ რეგიონში, მოცემულ ქრონოლოგიურ პერიოდში, მცხოვრებ ტომთა საზოგადოებრივ-სოციალური ურთიერთობების მკვეთრი დაქვეითება-დაუძლურება.

სამეცნიერო სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია.