აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე – 80

აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე – 80

  • ივლისი 17, 2026

აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე

ღირსეული ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

 

ღირსშესანიშნავ თარიღს, 80 წლის იუბილეს აღნიშნავს ამ დღეებში ქართული მედიცინის გამოჩენილი წარმომადგენელი, სამამულო ოტორინოლარინგოლოგიის სახელოვანი გუნდის ერთ-ერთი მეწინავე თავკაცი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, პრეზიდიუმის სხდომაზე აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აკადემიკოს შოთა ჯაფარიძეს აკადემიის საპატიო სიგელი გადასცა.

მისი შრომითი ბიოგრაფია და წარმატებული სამედიცინო მოღვაწეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1969-1970 წლებში ზოგადი ქირურგიისა და ოტორინოლარინგოლოგიის საკვალიფიკაციო კურსები გაიარა.

1970 წლიდან მოყოლებული, მთელი 17 წლის განმავლობაში, ახალგაზრდა ექიმი ბოლნისის რაიონულ საავადმყოფოში ექიმ-ოტორინოლარინგოლოგად მუშაობდა, ხოლო 1987-დან ვიდრე 1993 წლამდე – მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებას უძღვებოდა.

პრაქტიკულ მუშაობას ბატონი შოთა ჯაფარიძე დიდი მონდომებით უხამებდა სამეცნიერო მოღვაწეობასაც-1975 წლიდან მან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა ჯერ საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს-სადოქტორო დისერტაციები და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა. ნაყოფიერი სამედიცინო და პედაგოგიური მოღვაწეობა, სწავლულმა ოტორინოლარინგოლოგმა შემდგომ წლებშიც განაგრძო: მისი ხელმძღვანელობით დაცულია შვიდი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. იგი მრავალი რეცენზიის, ასევე ოტორინოლარინგოლოგიაში რეზიდენტურის პროგრამის ავტორია, ხოლო 1999 წლიდან დღემდე-ამ პროგრამის უცვლელი დირექტორიც. ამავე წელს, დოქტორი შოთა ჯაფარიძე თსსუ-ს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის პროფესორად აირჩიეს, რომელსაც 1999-2015 წლებში უკვე თავად ხელმძღვანელობდა.

2007 წელს, პროფესორი შოთა ჯაფარიძე საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 2013 წელს-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად აირჩიეს.

პროფესიულ სრულყოფას იგი თავისი მოღვაწეობის მთელი ხნის განმავლობაში უდიდესი მონდომებით უდგება. საქართველოში აუდოლოგიური ქირურგიის პიონერმა სხვადასხვა წლებში სტაჟირება გაიარა უნგრეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგრანტო პროექტში „ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა”.

აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე არის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ოტორინოლარინგოლოგიისა და თავისა და კისრის ქირურგიის აკადემიის უცხოელი წევრი, ევროპის ოტორინოლარინგოლოგთა აკადემიის რეგიონალური მდივანი, გერმანიის ოტოლარინგოლოგიისა და თავისა და კისრის ქირურგიის ასოციაციის წევრ-კორესპონდენტი, ოტორინოლარინგოლოგიისა და თავ-კისრის ქირურგიის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ოტორინოლარინგოლოგიის პრობლემურ საკითხებს.

იგი არის მონოგრაფიის „კოხლეარული იმპლანტაცია საქართველოში: თეორიული და პრაქტიკული ძალისხმევები” და 80 სამეცნიერო ნაშრომის, აგრეთვე ოთხი გამოგონების ავტორი.

ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ყურის რეკონსტრუქციული ქირურგიის დონე ზოგიერთი პათოლოგიის დროს ვერ უზრველყოფდა სმენის დაქვეითების პრობლემის გადაწყვეტას, ბატონმა შოთა ჯაფარიძემ შექმნა მექანოპროტეზირების საკუთარი მეთოდი მრგვალი სარკმლის ეკრანების მეშვეობით. მან საქართველოში მთელი რიგი სიახლე დანერგა, მათ შორის სმენის ორგანოს მექანოპროტეზირება, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ენდოსკუოპიური ქირურგია, ოტოსკლეროზის დროს ნაკლებინვაზიური სტაპედოტომიის მეთოდი, შუა ყურის რეკონსტრუქცრიული ქირურგიის თანამედროვე მეთოდები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, 1999 წელს, პროფესორმა შოთა ჯაფარიძემ, სამხრეთ კავკასიაში პირველმა ჩაატარა კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია სრული სიყრუისა და ყრუმუნჯობის დროს. მანვე შეიმუშავა ამ ოპერაციის დროს სახის ნერვთან უსაფრთხო მიდგომის მეთოდი სახის ნერვის მონიტორის გამოუყენებლად.

სამამულო მედიცინის წინაშე აკადემიკოს შოთა ჯაფარიძის ღვაწლის დაფასების ნიშნად, 2002 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2012 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულთბილად მისალმება აკადემიკოს შოთა ჯაფარიძეს სახელოვან იუბილესთან-დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ვუსურვებთ მას დიდი ხნის სიცოცხლეს და სულიერ სიმხნევეს.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემია, ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილება