საქართველოს ქალთა საბჭოს ვიზიტი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
- ივლისი 27, 2026
მიმდინარე წლის 24 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ვიზიტით ეწვია საქართველოს ქალთა საბჭოს შემადგენლობა. მათი ვიზიტი ეხმიანებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს. სწორედ ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მოსალოცად ეწვივნენ ქალბატონები აკადემიას. თავდაპირველად, ქალბატონები საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის ქეთევან გაბრუაშვილის ხელმძღვანელობით აკადემიის ახლადგახსნილ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც მათ მეგზურობას უწევდათ აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი და აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის სწავლული მდივანი, პროფესორი რუსუდან ლაბაძე. მოგეხსენებათ, რომ აკადემიის საგამოფენო სივრცე სრულიად ახალგახსნილია და საზოგადოებაში უკვე დიდი ინტერესით სარგებლობს. ეს არის ქართული მეცნიერების ისტორიისა და მეხსიერების მნიშვნელოვანი საგანძური, რომლის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ აკადემიკოს ლია მელიქიშვილს.
ამის შემდგომ, ქალბატონებმა პრეზიდიუმის დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ მიესალმა აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა. ბატონმა ლადომ აღნიშნა, რომ წელს აკადემიის 85 წლის იუბილეა და ამ თარიღის ფარგლებში იმართება უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიება. სულ ცოტა ხნის წინ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იყო მიწვეული აკადემიის დელეგაცია აკადემიკოსების ლია მელიქიშვილის, გია ჯაფარიძის, ვანო პაპუნიძის და წევრ-კორესპონდენტ ნანა ბოლაშვილის შემადგენლობით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
საქართველოს ქალთა საბჭოს სახელით, აკადემიის წევრებს სიტყვით მიესალმა ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან გაბრუაშვილი, – „უპირველეს ყოვლისა, გულითადად გილოცავთ აკადემიის 85 წლის იუბილეს. ასევე გვინდა გაგიზიაროთ ქალთა საბჭოს ახალი ეროვნული პროექტი – „ვწერთ საქართველოს ქალთა საბჭოს ისტორიას ცოცხალი მეხსიერებით“, რომლის მიზანია იმ ადამიანების გამოცდილების შენარჩუნება, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრება შექმნეს და გაამდიდრეს. ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოებრივი მეხსიერებაც ისეთივე ეროვნული სიმდიდრეა, როგორც სამეცნიერო მემკვიდრეობა. განსაკუთრებული მადლობა გვსურს მოვახსენოთ ბატონ როინ მეტრეველს, რომლის კეთილგანწყობამ და მუდმივმა მხარდაჭერამ კიდევ უფრო გაამყარა ეს თანამშრომლობა.
მეცნიერებათა აკადემიაში ჩვენი დღევანდელი სტუმრობა ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, კერძოდ, წელს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების 85 წელია, ეს ის გამორჩეული მოვლენაა, როდესაც ჩენ, ქალთა საბჭო 105 წლის განვლილ გზას ვაზუსტებთ, ვაანალიზებთ საზოგადოებასთან და მომავალ თაობასთან ერთად, დიდი მოწიწებით, პატივისცემითა და სიყვარულით ვიხსენებთ იმ ძვირფას ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი პროფესიული საქმიანობით და პიროვნული თვისებებით წარუშლელი კვალი დააჩნიეს ქვეყნის ისტორიას“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა საბჭოს შემადგენლობაში ჩვენი აკადემიის ქალბატონები უკლებლივ შედიან და მათ ამჯერად აკადემიის ახლადარჩეული წევრ-კორესპონდენტი ნანა ბოლაშვილიც შეემატება.
შეხვედრის დასასრულს აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ავთანდილ არაბულმა, ელდარ ნადირაძემ, თინათინ სადუნიშვილმა და სხვ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მომღერალ გოგონათა ანსამბლი „იალონი“.
















