ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- თებერვალი 5, 2019
ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 16 ნოემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა თსუ-ს პ.მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის გიორგი წინწკალაძის მოხსენება: „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი მინერალის სამშენებლო მასალების დანამატებად გამოყენების პერსპექტივები“. აღინიშნა, რომ სამშენებლო მასალების სტრუქტურის მოდიფიცირების ინოვაციური მეთოდია მათ შემადგენლობაში მაღალაქტიური დანამატების შეყვანა, ხოლო საქართველოში ბუნებრივი მინერალური ნედლეულის დიდი არჩევანი შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ განსხვავებული სტრუქტურისა და შემადგენლობის მქონე ასეთი ნანოდანამატები; შესწავლილი იყო თიხაფიქალი, ალუნიტი, სპონგოლითი, პემზა, პერლიტი, აგრეთვე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის წიდები, რომელთა გამოყენება ზრდის ცემენტ-ბეტონის ხარისხს, ხოლო ზოგიერთი მინერალის მოდიფიცირებით შესაძლებელია სამშენებლო მასალას მივანიჭოთ სრულიად განსაკუთრებული თვისება. გარდა ამისა გლობალურ პრობლემათა – „სითბური ეფექტის“ და „მჟავური წვიმების“ წარმოქმნის პრევენციის მიზნით შემოთავაზებულია ცემენტის კლინკერის ღუმლიდან გამომავალი ტექნოგენური ოქსიდების ცეოლითებით სორბციული დაჭერა – დასუფთავების ინოვაციური ნანოტექნოლოგიური მეთოდი. სხდომამ მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც გადაეგზავნება მთავრობას.