პრეზიდიუმის სხდომა
- აპრილი 15, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 15 მარტს ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ხუთი საკითხი.
პირველ საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია (მომხსენებლები: აკადემიის წევრ-კორ. რამაზ ხუროძე, კონსტანტინე მაღრაძე, ნატალი სიდამონიძე); მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ აკადემიაში შეიქმნა ახალი დიზაინის ვებ-გვერდი. პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ მომხსენებლის ინფორმაცია ახალი ვებ-გვერდის შექმნის შესახებ მიღებულ იქნეს ცნობად და გათვალისწინებულ იქნეს გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები მისი შემდგომი დახვეწისათვის.
მეორე საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) არჩევნებისა და დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე). პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების (X თავი) შესაბამისად, 2019 წლის ივნისში ჩატარდეს აკადემიის ნამდვილი წევრების არჩევნები; დამტკიცდეს აკადემიის ნამდვილი წევრების 3 ვაკანსია შემდეგ სპეციალობებში: ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება (ფიზიკური ქიმია – 1 ვაკანსია; მაღალმოლეკულური ქიმია – 1 ვაკანსია); საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება (მართვის სისტემები – 1 ვაკანსია).
მესამე საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიკოს-მდივნის შესახებ (მომხსენებელი წევრ-კორ. რამაზ ხუროძე). პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ ჩატარდეს 2019 წლის 18 მარტს აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების საერთო კრება აკადემიკოს-მდივნობის კანდიდატის შესარჩევად; დამტკიცდეს აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნის შერჩევის დროებითი დებულება; საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების საერთო კრების მიერ არჩეული აკადემიკოს-მდივნობის კანდიდატი ასარჩევად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას; საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების სიითი შემადგენლობა განისაზღვროს 10 წევრით; საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის არჩევნები მომავალში ჩატარდეს დანარჩენ სამეცნიერო განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნების არჩევნებთან ერთად (2023 წლის 3 ივლისი).
მეოთხე საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება (მომხსენებელი პროფესორი მარატ ციცქიშვილი). პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ დამტკიცდეს აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისი კომისიის განახლებული შემადგენლობა.
მეხუთე საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის შესახებ (მომხსენებელი აკადემიკოსი ავთანდილ არაბული). მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს უსრულდება 90 წელი. ამ თარიღის აღსანიშნავად აკადემია და თსუ გეგმავენ ერთობლივი ღონისძიებების გამართვას, კერძოდ, გამოიცემა სამეცნიერო კრებული, გაიმართება საიუბილეო სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია, მომზადდება დოკუმენტური ფილმი.
პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ორგანიზებისათვის შეიქმნას საიუბილეო კომიტეტი და საორგანიზაციო ჯგუფი.