თამაზ ბუაჩიძის წიგნის წარდგინება
- მაისი 21, 2019
მიმდინარე წლის 15 მაისს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთობლივი გამოცემის პროფესორ თამაზ ბუაჩიძის წიგნის – „ ფილოსოფიური არქივი“ ტომი I წარდგინება.
წინამდებარე გამოცემით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი იწყებს სახელმწიფო და კერძო არქივებში დაცული, დღემდე გამოუქვეყნებელი იმ სამეცნიერო შრომების პუბლიკაციას, რომლის ავტორებიც ქართველი ფილოსოფოსები და მკვლევარები არიან. ნიშანდობლივია, რომ ამ სერიის პირველი წიგნი ეთმობა ქართული ფილოსოფიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამაზ ბუაჩიძეს. კრებულში წარმოდგენილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში დაცული თამაზ ბუაჩიძის გამოუქვეყნებელი, ერთი რეფერატული და შვიდი სამეცნიერო წლიური შრომა.
წინამდებარე გამოცემას თან ახლავს თამაზ ბუაჩიძის ბიოგრაფიული ცნობები, ასევე ფილოსოფიის ინსტიტუტის არქივში დაცული 1961 წლით დათარიღებული მისი ავტობიოგრაფია და 1988 წელს დაწერილი ესსე „ერთი დაუწერელი კანონი“ – მოგონება 1937 წლის რეპრესიებზე. აღნიშნული მასალა შესაძლებლობას მისცემს მკითხველს, გაეცნოს არა მოხლოდ თამაზ ბუაჩიძეს, როგორც მოაზროვნეს, არამედ, იმავდროულად იმ ცხოვრებისეულ ქარტეხილებსაც, რომლებმაც განსაზღრა მისი ყოფა.