ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 27, 2019
მიმდინარე წლის 17 მაისს მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორის კონსტანტინე ფხაკაძის მოხსენება: „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში ანუ ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნები და პრობლემები“.
მომხსენებელმა ჯერ მიმოიხილა ცენტრის პროექტების – „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ ფარგლებში წარმოებული კვლევების შედეგები, რის შემდეგაც ქართული, აფხაზური და ევროპული ენების ტექნოლოგიური მხარდაჭერების შედარების საფუძველზე წარმოაჩინა ციფრული კვდომის იმ მაღალი საფეხურის საფრთხის რეალობა, რომლის წინაშეცაა ქართული, მით უფრო აფხაზური ენა.
მოხსენების დასკვნით ნაწილში მომხსენებელმა რეკომენდაციების სახით წარმოადგინა ხედვები ქვეყნის წინაშე მდგარი იმ მეტად მაღალი ეროვნული მნიშვნელობებისა და სამეცნიერო სირთულეების მქონე ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე, რომელთა გადაუწყვეტობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფო ენების – ქართულისა და აფხაზურის ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვა ანუ, რაც იგივეა, ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ასევე, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება აგრეთვე ევროკაშირში ჩვენი სრულფასოვანი შესლვა, რაც სამომავლოდ უკვე დაგეგმილ ენობრივი ბარიერებისგან სრულიად თავისუფალ ევროპულ კულტურულ-ეკონომიკურ სივრცეში ქართული და აფხაზური ენებით საქართველოს სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფას ნიშნავს.