ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ივნისი 3, 2019
მიმდინარე წლის 29 მაისს ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვლადიმერ ციციშვილის მოხსენება თემაზე: „ცეოლიტების გამოყენება სოფლის მეურნეობაში და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები“. ცეოლითები – ბუნებრივი ან სინთეზური კრისტალური ალუმინსილიკატები განვითარებული მიკროფოროვანი სისტემით. ცეოლითების ფართო გამოყენება ინდუსტრიაში, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში განპირობებულია მათი უნიკალური მოლეკულურ-საცრული, სორბციული, იონმიმოცვლითი და კატალიზური თვისებებით. ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, პროფ. ფ. მამპტონის თქმით, ცეოლითები – XXI საუკუნის მასალებია. დედამიწაზე და ოკეანეში მოიპოვება 40-მდე ბუნებრივი ცეოლითი, აგრეთვე სინთეზირებულია 200-ზე მეტი ცეოლითური და ცეოლითისმაგვარი სტრუქტურა. ცნობილი ქართველი გეოლოგების, ალექსანდრე თვალჭრელიძის, გიორგი გვახარიასა და ნიკოლოზ სხირტლაძის მიერ დადგენილი იყო, რომ საქართველო მდიდარია ისეთი ბუნებრივი ცეოლითებით, როგორებიცაა კლინოპტილოლიტ-ჰეილანდიტი, ფილიპსიტი, ანალციმი, მორდენიტი, ხოლო ქიმიკოსების გიორგი ციციშვილისა და თეიმურაზ ანდრონიკაშვილის მიერ შექმნილი იყო ქართული ცეოლითური სკოლა – მკვლევართა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ცეოლითების თვისებების შესწავლის, მათი მიღების ხერხების შემუშავებისა და გამოყენების შესაძლებლობების დადგენის მიმართულებებით.
მიღებული შედეგების თანახმად, ბუნებრივი ცეოლითების გამოყენება ეკონომიკური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მიზანშეწონილია მემცენარეობაში, მეცხოველეობასა და მეთევზეობაში, რაც ეთანადება მსოფლიო გამოცდილებას. კერძოდ, ნიადაგში ან ხელოვნურ სუბსტრატებში ცეოლითის შეტანა უზრუნველყოფს მათ ხანგრძლივ კონდიცირებას და სტრუქტურირებას, ცეოლითი მექანიკურად ამაგრებს მცენარის ფესვებს, არეგულირებს გარემოს pH-ს, წარმოადგენს წყლის დეპოს, აუმჯობესებს იონმიმოცვლით თვისებებს, ახანგრძლივებს სასუქების მოქმედებას, უზრუნველყოფს სასურველ მიკრობულ გარემოს. საკმაოდ პერსპექტულია მეცხოველეობის ნარჩენების უტილიზაციის გზით დამზადებული „ორგანულ-მინერალური“ სასუქები. 2005 წლიდან ევროკავშირში დაშვებულია კლინოპტილოლიტის გამოყენება საკვებ დანამატად ყველა სახის ცხოველებისათვის. მეცხოველეობის შესანახი – ცეოლითური დანამატი უზრუნველყოფს ცხოველთა წონის ზრდას 8-12%-ით, ხოლო ახალგაზრდა ცხოველების უსაფრთხოებას – 99.4%-მდე. აქვაკულტურაში ცეოლითი ამცირებს ამონიუმის კონცენტრაციას და ასუფთავებს წყალს. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ცეოლითების გამოყენება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მომტანია. გარდა ამისა, საგრძნობლად მცირდება შელდონის E-ფაქტორი, საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მაჩნენებელი.
ზოგ შემთხვევაში კარგად შესწავლილი და ფართო გამოყენების მქონე კლინოპტილოლიტი არ იძლევა სასურველ ან მოსალოდნელ შედეგს. მაგალითად, მემცენარეობაში იონმიმომცვლელის სახით უფრო გამართლებულია ფილიპსიტის გამოყენება. სოფლის მეურნეობაში და გარემოს დაცვაში დიდი პერსპექტივა აქვს მიზანმიმართულად მოდიფიცირებულ ბუნებრივ ცეოლითებს, კერძოდ ანალციმს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა გავრცელებული ცეოლითი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც ადამიანებისათვის უსაფრთხო.