მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის სხდომა
- ივლისი 16, 2019
2019 წლის 4 ივლისს აკადემიკოსების გიორგი ჩაგელიშვილისა და გიორგი ჯაფარიძის ინიციატივით, ჩატარდა სემინარი, რომელზედაც მოსმენილი იქნა საქართველოს „მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტის, ნუგზარ დვალის მოხსენება – „ ბორის ნიტრიდების ნანოსკოპური ფანტელების მიღების ტექნოლოგია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების წევრების გარდა მას ესწრებოდნენ აკადემიკოსები რამაზ ქაცარავა და ვლადიმერ ციციშვილი, ასევე წამყვანი სპეციალსიტები ფიზიკის, მეტალურგიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტებიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსებმა: ნოდარ ცინცაძემ, ალექსანდრე ნერსესიანმა, გიორგი ჩაგელიშვილმა, ასევე პროფესორებმა: ალექსანდრე შენგელაიამ და დავით ჯიშიაშვილმა. აღინიშნა კვლევის აქტუალობა, გამოიკვეთა მიღებული ნიმუშების თანამედროვე აპარატურით სრულფასოვანი ტესტირების აუცილებლობა და სემინარის მონაწილეთა მიერ შემოთავაზებულ იქნა ამგვარი ტესტირების საქართველოში განხორციელების რამდენიმე სცენარი, ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მონაწილეობით.
სხდომა შეაჯამა მათემატიკის და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა გიორგი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის შემკრები და გამაერთიანებელი სემინარების მნიშვნელობა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისთვის და აკადემიის განმსაზღვრელი როლი ასეთი კოორდინაციის საქმეში.