ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ოქტომბერი 13, 2019
ცენტრის 2019 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე განხილული იქნა შპს „მშენაღდგენა/მ“-ის გენერალური დირექტორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრის, დოქტორ მალხაზ ბედიაშვილი მოხსენება: „უსაფრთხო სეისმოიზოლაციური სისტემები და მაღლივი მშენებლობა საქართველოში“.
აღინიშნა, რომ მიწისძვრების გამო ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე მრავალი კულტურული ძეგლი დაინგრა და, სამწუხაროდ, მომავალშიც არაა გამორიცხული ნგრევა, ამიტომ მოსახლეობის დასაცავად ჩვენი მეცნიერები თითქმის საუკუნეა ეძებენ მეთოდებს, რომლებიც შეინარჩუნებს შენობათა მდგრადობასა და უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას. მომხსენებლის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა კარკასული ნაგებობები ჯერ სოფლად, ხოლო შემდეგ ქალაქებში საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო მშენებლობისათვის. დამუშავდა ახალი სისტემები, განხორციელდა მათი მეცნიერული შესწავლა და ექსპერიმენტული გამოცდა. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლის საფუძველზე შეიქმნა და საქართველოში გამოყენებული იქნა ამგვარი სრულიად ახალი სისტემები, რომლებშიც შენობა იყოფა ორ – მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილად. მიწისქვეშა ნაწილების იზოლაციის საშუალებით ნეიტრალდება სეისმური ზემოქმედება, ხოლო მიწისზედა ნაწილებში გამოიყენება წინა წლებში შექმნილი სისტემები, რითაც მიიღწევა მდგრადობა და ამავე დროს მშენებლობის გაიაფება. ბოლოს განხილული იყო ასევე მომხსენებლის მიერ შემოთავაზებული ვიბრაციის საწინააღმდეგო თხრილების მეთოდი.
მომხსენებელს დაპატენტებული აქვს 19 გამოგონება, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემიის ლაურეატი და მიღებული აქვს გამოფენის ოქროს მედალი.