აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე – 90
- ოქტომბერი 23, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 90 წლისთავს. სხდომა გახსნა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ხოლო მოხსენება თამაზ გამყრელიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გააკეთა აკადემიკოსმა, ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.
ეს საიუბილეო თარიღი კიდევ ერთხელ მთელი მასშტაბით წარმოაჩენს იმ განუმეორებელ წვლილს, რაც აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს მიუძღვის ქართველოლოგიის, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობისა და ინდოევროპეისტიკის განვითარებაში.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე მუდმივად იყო ახალ სამეცნიერო იდეათა და წამოწყებათა ინიციატორი და წარმმართველი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მეცნიერებათა აკადემიაში დღეს მუშავდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა „ქართული ენის თესაურუსი“.
სრულიად განსაკუთრებულია თამაზ გამყრელიძის ურთიერთობა საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიასთან და მის სულიერ წინამძღოლთან. სწორედ მისი დამსახურებაა საქართველოს საპატრიარქოსა და მეცნიერებათა აკადემიის ესოდენ მჭიდრო საქმიანი თანამშრომლობა.
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და რამდენიმე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.
90 წლის თამაზ გამყრელიძე კვალავაც აქტიურად ფიქრობს და ზრუნავს ქართული მეცნიერების მომავალზე, მსჯელობს ქართველოლოგიის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე; მონაწილეობს დედაუნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობაში, ქვეყნის კულტურულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და კავშირები ახალი თაობის ქართველ მეცნიერთა მნიშნელოვანი მეგზურია.