ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ოქტომბერი 30, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში 2019 წლის 30 ოქტომბერს, ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე. სხდომას ესწრებოდა აღნიშნული კომისიის 15 წევრი. მოსმენილ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ჯიმშერ ქერქაძის საპრეზენტაციო მოხსენება თემაზე: „სამრეწველო საწარმოთა საინჟინრო ეკოლოგიური გამოკვლევა“.
აღნიშნულ მოხსენებაში განხილულ იქნა მომხსენებლის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა პროფილისა და საქმიანობის სამრეწველო საწარმოებთან მიმართებაში ჩატარებული საინჟინრო-ეკოლოგიური კვლევების შედეგები ეკოლოგიური აუდიტის, მონიტორინგის, ექსპერტიზისა და ადვოკატირების მიმართულებით. მის მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2014-18 წლებში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ რესურსურსეფექტური და სუფთა წარმოების საქართველოში განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტის განხილვას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომხსენებლის მიერ დამსწრეთა წინაშე წარმოდგენილ იქნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (თბილისში, რუსთავსა და გორში) განთავსებული ქიმიური და კვების მრეწველობის სამი საწარმოს საქმიანობის პროფილი რესურსდამზოგავი და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისად. მოხსენებაში წინა პლანზე იქნა წამოწეული ის საპილოტე წინადადებანი, რომლებიც წარედგინა ამ კომპანიათა ხელძღვანელებს მათ საწარმოებში მოხმარებული ნედლეული და ენერგეტიკული რესურსების ხარჯის, გარემოზე თბური და ეკოლოგიური დატვირთვების და მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებასთან მიმართებაში. ასევე სათანადო ადგილი დაეთმო იმ საინვესტიციო წინადადებებსაც, რომელთა განხორციელებითაც კომპანიათა ხელმძღვენელებს შესაძლებლობა უჩნდებოდათ საკუთარი ფულადი თუ მატერიალური დანაზოგებით მოეხდინათ წლიური უკუგების ვადების საგრძნობი შემცირება.
გარდა ამ მოხსენებაში წარმოდგენილი საერთაშორისო პროექტისა, ზემოთ აღნიშნული კომისიის სხდომაზე სათანადო დრო დაეთმო ჟურნალ „ველურ ბუნებაში“ მომხსენებლის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული სტატიის „მიზანი-ნაკლები ზიანი გარემოს“ საჯარო განხივილვასაც, რომელიც შეეხებოდა ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის მახლობლად სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“ მიერ გარემოზე ანთროპოგენური დატვირთვის ორი შემამსუბუქებელი ღონისძიების განხორციელებას. განსაკუთრებით საგანგაშოდ იქნა მიჩნეული კომპანიის ხელმძღვანელთა მცდელობა მდინარე კაზრეთულას მთლიანად ბეტონის გვირაბში მოსათავსებლად. კომისიის წევრთა მიერ გამოითქვა საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებანი აღნიშნულ პროექტთან მიმართებაში. მომხსენებელი დაეთანხმა კონმისიის წევრთა არგუმენტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით და საკუთარი შეხედულებანი გამოთქვა ბუნებათსარგებლობაში გავრცელებულ მართვის „ხისტი“ და „რბილი“ ფორმების არსებობიდან გამომდინარე. მან კაზრეთულას მოქცევა ბეტონის „გალერეაში“ ბუნებათსარგებლობის მართვის „ხისტ“ ფორმად წარმოადგინა, რაშიც კომისია მას ცალსახად დაეთანხმა.
მოხსენების დასრულების შემდეგ კომისიის წევრთა შორის გაიმართა საინტერესო სჯა-ბაასი და დისკუსია მოხსენებაში წარმოდგენილ საკითხებთან მიმართებაში.