ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ნოემბერი 29, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისია“-მ მოისმინა პროფესორ, პარმენ მარგველაშვილის მოხსენება თემაზე: „დავიცვათ ბავშვის უფლებები სისტემური ძალადობისაგან“.
პროფესორმა ისაუბრა ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებებთან ერთად არსებულ ერთადერთ ვალდებულებაზე, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია მიიღოს დაწყებითი განათლება მაინც, ხოლო განათლების ვალდებულების აღსრულება უნდა იკისროს სახელმწიფომ. ეს არის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის იმპერატიული მოთხოვნა. ცხადია, ამავე პრინციპებს აცხადებს ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც 30 წლის წინ იქნა მიღებული.
კონვენციის პრეამბულაში ნათქვამია, რომ მონაწილე ქვეყნები სათანადოდ ითვალისწინებენ ყველა ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების მნიშვნელობას ბავშვის დაცვასა და ჰარმონიულ განვითარებაში და 29-ე მუხლის დებულებებით სათანადოდ განსაზღვრავენ ბავშვის განათლების მიზნებს, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ყოველი სახელმწიფო მოქმედი განათლების სისტემით.
ბატონი პარმენ მარგველაშვილის აზრით, განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა არ არის ჰარმონიზებული კონვენციის მოთხოვნებთან და, ამდენად, სახეზეა ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების შესაძლო სისტემური დარღვევის საფუძველი.
საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა: როინ მეტრეველმა, ვაჟა ლორთქიფანიძემ, ავთანდილ არაბულმა, რამაზ ხუროძემ, რამაზ შენგელიამ, ანზორ თოთაძემ, ელდარ ნადირაძემ, მალხაზ გულაშვილმა, ავთანდილ აბაშიძემ და სხვ.
კომისიის გადაწყვეტილებით საგანგებო ჯგუფს – ა. აბაშიძის, ა. არაბულის, ვ. ლორთქიფანიძის, პ. მარგველაშვილისა და ე. ნადირაძის შემადგენლობით დაევალა სათანადო ორგანიზაციებისათვის გასაგზავნი წერილის ტექსტის მომზადება.