აკადემიკოსი როინ მეტრეველი – 80
- დეკემბერი 6, 2019
გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოს უნივერსიტეტში 6 დეკემბრს მოეწყო საზეიმო სხდომა და როინ მეტრეველის წიგნის – „წარსულის გახსენება“ პრეზენტაცია.
როინ მეტრეველი დიდ ქართველ ისტორიკოსთა ღირსეული მემკვიდრე, თანამედროვეობის გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც საქართველოს ისტორიის უკვდავსაყოფად მთელი ცხოვრება იღვაწა თავდადებით და სიყვარულით.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქართულ უნივერსიტეტში უამრავმა ხალხმა მოიარა თავი – აქ იყვნენ საზოგადო მოღვაწეები, აკადემიის წევრები, საზოგადოების თავლსაჩინო წარმომადგენლები და ა. შ.
გამომსვლელებმა არაერთხელ აღნიშნეს ბატონი როინის ღვაწლი საზოგადოებრივი საქმიანობის არაერთ ასპარეზზე – ეს გახლდათ ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის საქმეში შეტანილი წვლილი. აღსანიშნავია ირაკლი აბაშიძისა და როინ მეტრეველის ტანდემი, რომლებმაც რამდენიმე წელიწადში მოახერხეს უნივერსალური ენციკლოპედიის გამოცემა.
ასევე აღსანიშნავია, რომ როინ მეტრეველი 1986 წელს დაინიშნა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად; იგი ასევე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991 15 ოქტომბრიდან 2004 წლის 1 ოქტომბრამდე). 1997 წლიდან რექტორობის პარალელურად, საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა.
1988 წელს როინ მეტრეველი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნად. 1993 წელს იგი უკვე მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია.
როინ მეტრეველი არის 300-მდე მონოგრაფიისა და ნაშრომის ავტორი. აღსანიშნავია, რომ ეს საიუბილეო თარიღი მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა და ეს მილოცვა საღამოზე პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ გაახმოვანა.
საიუბილეო სხდომაზე მოეწყო როინ მეტრეველის წიგნის – „წარსულის გახსნება“ წარდგინება. წიგნში ასახულია მისი ცხოვრების და შემოქმედების მნიშვნელოვანი მომენტები.