ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- დეკემბერი 9, 2019
6 დეკემბერს ჩატარებულ სხდომაზე მოსმენილი იქნა არქიტექტურის ისტორიკოსის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ მაია მანიას მოხსენება: „თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის მთავარი შენობის არქიტექტურის კვლევა და დაცვის მდგომარეობა“.
ყოფილი თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის მთავარი შენობა თამარ მეფის ხიდთან, დავით აღმაშენებლის პროსპექტსა და მტკვარს შორის მდებარეობს. მომხსენებლის მიერ ჩატარებულმა ხანგრძლივმა საარქივო-ბიბლიოგრაფიულმა და საველე კვლევამ, დღემდე გადარჩენილი შენობის რამდენიმე საამშენებლო ფენა და ობსერვატორიის კომპლექსის მშენებელი არქიტექტორები და ინჟინრები გამოავლინა. ეს, გერმანელი მეცნიერის – არნოლდ მორიცის თაოსნობითა და უშუალო ხელმძღვანელობით 1859-1862 წლებში აშენებული მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის კომპლექსისაგან გადარჩენილი მთავარი ნაგებობაა, რომლის ძირითადი ბირთვი დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით არის მოღწეული. ეს არის კლასიცისტური სტილის, კარგი პროპორციების, მაღალი არქიტექტურული ღირებულების ნაგებობა, რომელსაც პროტოტიპები ევროპაში მოეძებნება, მაგრამ ის კავკასიის მასშტაბით ტიპოლოგიური თვალსაზრისითაა უნიკალური. ეჭვგარეშეა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის, როგორც ამიერკავკასიის ერთ-ერთი უადრესი სამეცნიერო ცენტრის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობაც. დღეს შენობაში გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიის მუზეუმია მოთავსებული, შენობის ერთი ნაწილი, კი ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტს უკავია.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში ობსერვატორიის შენობა დაზიანდა. განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა მის ფიზიკურ მდგომარეობაზე 2002 წლის 25 აპრილის მიწისვრამ. ნაგებობის ძირითადი, კოშკიანი ნაწილი გასამაგრებელია და გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. დასასახია მთლიანად ნაგებობის სარესტავრაციო გეგმაც, რაც თბილისის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადარჩენის საწინდარია.
სხდომამ მიიღო დადგენილება, რათა მომზადდეს სათანადო მასალები და როგორც საბიუჯეტო ხარჯებით, ასევე უცხოელ დონორთა და ადგილობრივი ბიზნესის დაფინანსებით დაუყოვნებლივ ჩატარდეს ამ უნიკალური, ისტორიული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო ობიექტის სარესტავრაციო სამუშაოები.