ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- იანვარი 28, 2020
ცენტრის 2020 წლის 24 იანვრის სხდომაზე განხილული იქნა რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის მოხსენება კავშირში დამუშავებული საქართველოს ანტიკრიზისული ხუთწლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის შესახებ, რომელშიც დამსწრეთა ყურადღება გამახვილებული იყო მცირე მეწარმეობის განვითარებასა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებაზე. კონცეფციის ავტორების წინადადება მოიცავს საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების (სსთ) ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას; დაზარალებულებზე გაყიდვის უფლებით უფასოდ დარიგებული ზარალის შესაბამისი სსთ-ების გამოყენება შეიძლება როგორც გრძელვადიან არენდებში აღებული მიწებისა და სხვა სახელმწიფო ქონების არენდების, ისე საგადასახადო კოდექსის გადასახადების დასაფარავად ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში. მომხსენებლები თვლიან, რომ კონცეფცია-პროგრამის ამოქმედებით კარგი სამეწარმეო პირობები შეექმნებათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე სამრეწველო საწარმოთა მესაკუთრეებს, რომლებიც გრძელვადიან არენდებში აღებული მიწებისა და სხვა სახელმწიფო ქონების არენდების გადასახადებს დაფარავენ სსთ-ებით, საბრუნავ სახსრებად წარმატებით გამოიყენებენ მიზნობრივ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული მკაცრი ანტიინფლაციური ღონისძიებების დაცვით და გადასახადებს ასევე დაფარავენ სსთ-ებით, რის გამოც ყველა ეს საწარმო იმუშავებს გარანტირებული მაღალი მოგებებითა და რენტაბელობით. კონცეფცია-პროგრამის ამოქმედებით ბიუჯეტში შემოსავლები არ შემცირდება, რადგან სსთ-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში, რომელთა შემოსავლები არ არის განსაზღვრული მიმდინარე ბიუჯეტში, თანაც არასამრეწველო ბიზნესებში დამატებით დასაქმებულები არ თავისუფლდებიან გადასახადებისაგან და იბეგრებიან ჩვეულებრივი წესით. არ მოხდება ინფლაციაც, რადგან ბრუნვაში შედის არა ფულის ნიშნები, არამედ ფასიანი ქაღალდები სსთ-ების სახით და ეს სსთ-ებიც უკვე დასაქონლებულია გამოშვებული პროდუქციით.