ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების სხდომა
- იანვარი 28, 2020
2020 წლის 24 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი სამეცნიერო საბჭოს სხდომა. სხდომაზე განიხილეს საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს როინ მეტრეველის მოხსენება „რამდენიმე სიტყვა საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების დამახინჯების გამო“.
უკანასკნელ დროს უცხოეთში გაძლიერდა საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების ტენდენციური გაშუქება. მომხსენებელმა, მრავალრიცხოვანი კონკრეტული ფაქტის მაგალითზე გვიჩვენა, თუ როგორ ხდება საქართველოს ისტორიის საკითხების დამახინჯება აფხაზი და ოსი ისტორიკოსების მიერ. ანალოგიური ტენდენცია ახასიათებს თანამედროვე რუსულ და სომხურ ისტოროგრაფიას. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიის ტენდენციურად ინტრეპრეტირების შემთხვევები გვხვდება ევროპელი და ამერიკელი მკვლევრების შრომებშიც. აკადემიკოს როინ მეტრეველის აზრით, საჭიროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევას გაეცეს სათანადოდ არგუმენტირებული პასუხი როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე.
მოხსენების განხილვაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები. სიტყვით გამოვიდნენ: გოჩა ჯაფარიძე, ანზორ თოთაძე, ჯუმბერ კოპალიანი, გიორგი ოთხმეზური, სერგო ვარდოსანიძე, ზურაბ პაპასქირი, ომარ გოგიაშვილი, დენიზა სუმბაძე, ოთარ ჟორდანია და სხვ. გამომსვლელებმა ერთხმად გაიზიარეს აკადემიკოს როინ მეტრეველის მოსაზრება, საქართველოს ისტორიის გამყალბებლებისათვის ოპერატიულად პასუხის გაცემის შესახებ. მართალია, ამჟამად, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება და ფინანსების მოზიდვა. ძალზე მნიშვნელოვანია, ამ საქმეში სამთავრობო უწყებებმა გაუწიონ დახმარება მეცნიერებათა აკადემიას.
სხდომაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა საქართველოს ისტორიის სწავლების გაძლიერება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. მიზანშეწონილად ჩაითვალა სათანადო დახმარება და კონსულტაციები გაეწიოს საშუალო სკოლის მასწავლებლებს.
საბჭოს დადგენილებით შეიქმნა სწავლულ ისტორიკოსთა კომისია, რომელიც შეისწავლის და მოახსენებს სამეცნიერო საბჭოს სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლების მდგომარეობის შესახებ. მომავალში ანალოგიური კომისია შეისწავლის საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხს უმაღლეს სასწავლებლებში.
სხდომის დასასრულს სამეცნიერო საბჭოს წევრებმა აკადემიკოს როინ მეტრეველს მიულოცეს დაბადების 80 წლის იუბილე.