სხდომა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს კულტურილი მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხზე
- ივნისი 15, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 12 ივნისს გაიმართა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის საკითხზე მომუშავე ჯგუფის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. მოხსენებით – „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა „იუნესკოს“ წარმომადგენლობით ნუსხაში“ , დამსწრე საზოფგადოების წინაშე წარსდგა – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი მაკა თაქთაქიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და აისახა ეროვნულ ნუსხაში, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. აქამდე საქართველო წარმოდგენილი იყო 4 ნომინაციით: ქართული მრავალხმიანობა; ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა და ქართული ჭიდაობა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, შემდომ ეტაპზე საჭიროა საქართველოს მთავრობამ, თავისი გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის „იუნესკოში“ წარდგენას. ამისთვის, გასულ წელს ოფიციალური წერილით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს „იუნესკოს“ საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტს დავით ზალკალიანს მიმართეს აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ს.ს. „ყაზბეგის“ პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ.
ამ თემაზე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა კი ასეთია: აკადემიკოსები – როინ მეტრეველი, ნოდარ მითაგვარია, ავთანდილ არაბული, ავთანდილ კორახაშვილი, სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, ს.ს. „ყაზბეგის“ პრეზიდენტი გოგი თოფაძე, სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯიბლაძე და სხვანი.
ობიექტის აღორძინებაში ჩართულია შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თსუ, აგრარული უნივერსიტეტი და ს.ს. „ყაზბეგი“.
სხდომის დასასრულს აღინიშნა, რომ შემდგომი შეხვედრა მიეძღვნება ამ საკითხის უფრო დეტალურ განხილვას და პრაქტიკულ ქმედებებს.