აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
- ივნისი 30, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თსუ პროფესორი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების გამგე, პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი ნოდარ ცინცაძე.
დიდია აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების საქმეში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნოდარ ცინცაძემ დიდი როლი შეასრულა პლამზის ფიზიკის მიმართულებით კვლევების განვითარებაში ირანში, სადაც ის გასული საუკუნის 90-იან წლებში თეირანის მათემატიკისა და ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. 2004-2011 წლებში იგი მიწვეული იყო ქ. ლაჰორში ცნობილი პაკისტანელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის აბდუს სალამის კათერდაზე პროფესორად.
აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა უმეტესობა ფართოდ არის ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
1988 წლიდან ბატონი ნოდარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრია. 2015 წელს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ქართული მეცნიერების საერთაშორისო არენაზე ღირსეულად წარმოჩენისათვის, აქტიური პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვწეობისათვის, ნოდარ ცინცაძეს გადაეცა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – ბრწყინვალების ორდენი.
შთამბეჭდავია ნუსხა ნოდარ ცინცაძის დანარჩენი ჯილდოების, პრემიების თუ საპატიო წოდებებისა, რომლებიც მან თავდაუზოგავი შრომითა და გამორჩეული მიღწევებით დაიმსახურა.