სპეციალური სამეცნიერო-პრაქტიკული კომისიის სხდომა
- ივნისი 30, 2020
მიმდინარე წლის 3 ივნისს, მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან პროფესორ ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე პროფესორ პაატა იმნაძესთან, რომელიც მიეძღვნა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის საკითხებს. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა შექმნილიყო სპეციალური სამეცნიერო-პრაქტიკული კომისია, რომელიც იმუშავებდა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა კორონა ვირუსის შესწავლისა და მასთან ბრძოლის საქმეში. კომისიის შემადგენლობაში შედიან: აკადემიკოსები – ნოდარ მოთაგვარია (თავმჯდომარე), ეთერ ქემერტელიძე, დავით მიქელაძე, რამაზ ხეცურიანი, რამაზ შენგელია, შოთა ჯაფარიძე, ზურაბ ქევანიშვილი, რამაზ ქაცარავა, პროფესორები – ნიკოლოზ გონგაძე, ბორის კორსანტია, ალეკო ბაკურიძე, მედიცინის დოქტორი მერაბ კეკელიძე და კომისიის მდივანი დავით გაგუა.
სწორედ ამ კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა აკადემიაში 26 ივნისს, რომელზეც მოსმენილ იქნა სამი მოხსენება: „ახალი კორონა ვირუსის Covid-19-ის თვალიდან ორგანიზმში შეღწევის გზები და მისი პრევენცია“ (მომხსენებელი – თსსუ პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ დვალი); „მცენარეული და მინერალური ბადები (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები), როგორც ანტივირუსული პროფილაქტიკური საშუალება“ (მომხსენებელი – ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე) და „პირველი ქართული ქიმიო-პრეპარატი, ავთვისებიან სიმსივნეებზე მეტასტაზების პრინციპულად ახალი კლასის ინჰიბიტორი ამფიტეზინი, მისი გამოყენების პერსპექტივები ახალი კორონა ვირუსის Covid-19-ის მკურნალობაში“ (მომხსნებელი – საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკის „გიდმედ“-ის ზოგადი ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ირაკლი ნადირაძე).
სხდომის დასასრულს, კომისიამ მხარი დაუჭირა მოხსენებების წარდგენას და დაავალა მომხსენებლებს წარმოადგინონ თავიანთი მოთხოვნები და წინადადებები, რომლებიც შემდგომში წარედგინება შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს.