საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
- ივლისი 1, 2020
2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები’’. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და უძღვებოდა აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. კონფერენციიის მონაწილეებს მიესალმნენ : პროფესორი, დოქტორი მამუკა თავხელიძე -გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; პროფესორი, დოქტორი კრის ესკრიჯი (აშშ), ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტი (ონლაინ ფორმატით) და პროფესორი, დოქტორი მალხაზ ბაძაღუა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
კონფერენციაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 19 მოხსენება. მათ შორის კონფერენციას უცხოელი და თბილისის ფარგლებს გარეთ მყოფი მონაწილეები ჩაერთნენ ონლაინ ფორმატით.
მოხსენებების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს და მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ და როინ მეტრეველმა, პროფესორებმა მინდა უგრეხელიძემ, ეკა ბესელიამ, დავით სუჯაშვილმა, მალხაზ ბაძაღუამ, ანზორ ჩუბინიძემ.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, ვაჟა ლორთქიფანიძე და თამაზ შიკალაძე. ასევე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ შეაჯამა კონფერენციის შედეგები და წარმოადგინა სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მათ შორის ინიციატივა საქართველოს ვიქტიმოლოგიური საზოგადოების დაფუძნების აუცილებლობის შესახებ. ასევე მონაწილეებს აცნობა, რომ კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „კრიმინოლოგი“, ხოლო გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები ეცნობება შესაბამის სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ კონფერენციის მონაწილეობის დამადასტრურებელი სერტიფიკატები, ხოლო აკადემის წევრებს დიპლომები.