ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივლისი 3, 2020
ცენტრის 2020 წლის 3 ივლისის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ გელა ჯავახიშვილის მოხსენება: „უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ინოვაციური მოდელები“.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების კონსტრუქციული შესრულების სიმარტივე, მომსახურეობის მოხერხებულობა, სრული ავტომატიზების შესაძლებლობა, მაღალი ენერგეტიკული და საექსპლოატაციო მაჩვენებლები განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული ვიბროამგზნებები სულ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესში.
შესწავლილი და დამუშავებული იქნა უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ელექტრული და მაგნიტური წრედები, ამ ვიბროამგზნებებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების კონსტრუქციები, სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში მათი გამოყენების პრაქტიკული შესაძლებლობები. შექმნილია: უკუქცევით-წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნების მაგნიტური გამტარების ორიგინალური კონსტრუქციები, რომლებზეც გაცემულია საქართველოს პატენტები; ენერგოდამზოგი მუდმივი დენის შემაგნიტებიანი უკუქცევით წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ერთფაზა და სამფაზა ელექტრული შეერთების სქემები, რომლებზეც თავის დროზე გაცემულია საბჭოთა კავშირის საავტორო მოწმობები და საქართველოს პატენტები; კვლევის შედეგები გამოიყენება სასწავლო პროცესში. ასევე შექმნილია ენერგოდამზოგი ელექტრომაგნიტური მანქანა-დანადგარები.