ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივლისი 15, 2020
ცენტრის 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე განხილული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ ახობაძის მოხსენება თემაზე: „ურბანული სისტემების დაგეგმარებისა და მართვის თანამედროვე მეთოდები და საშუალებები“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქალაქებში მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 51% ცხოვრობს, ხოლო 2050 წლისათვის 2/3-მდე იცხოვრებს. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, საქართველოს ქალაქებში მიმდინარე სამშენებლო პროცესები, შეფასებულია მოსახლეობის თვითშემოქმედების (1990-2003), ინვესტორთა მოთხოვნების შეუზღუდავი განხორციელების (2004-2008) და შემდგომ, პოლიტიკური ურბანიზმის ზეობის პერიოდებად. მიტაცებულია ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, საზოგადოებრივი სივრცეები, უგულვებელყოფილია მოსახლეობის კანონიერი ინტერესები. სახეზეა დაუბალანსებლობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და ჯგუფების (ხელისუფლება, საზოგადოება, ბიზნეს-ინტერესები) მოთხოვნებს შორის. ურბანისტებს პროექტების შექმნისას ევალებათ გაითვალისწინონ და განახორციელონ სხვადასხვა კატეგორიებით მოაზროვნე და “სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე” მრავალი მიმართულების სპეციალისტების (სოციოლოგების, ეკოლოგების, იურისტების, დემოგრაფების, ეკონომისტების და სხვა) რეკომენდაციები, შენიშვნები. მათ უნდა განჭვრიტონ, თუ როგორი იქნება საზოგადოება მრავალი წლის შემდეგ, როგორი იქნება ეკონომიკა, პოლიტიკა, კულტურა და ა.შ. ქალაქი, ერთი მთლიანი, დაუყოფელი დინამიური ერთობაა, მასში ყველაფერი ურთიერთკავშირში და ურთიერთდამოკიდებულებაშია, ამასთანავე ყველაფერი „კონფლიქტურია“. ქალაქის მაცხოვრებელთათვის კომფორტული, დაბალანსებული, მდგრადი სტრუქტურების შექმნა კი შესაძლებელია მხოლოდ ურთიეთდაპირისპირებულთა ერთიანობით, მათი ერთობლივი ქმედებით. ამასთანავე, ჩვენს მიერ დაშვებულ პატარა შეცდომას, შეიძლება შემდეგში მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგები. აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების პრინციპი გვავალდებულებს შევქმნათ ისეთი ექსპერტული სისტემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ შევაფასოთ დაპროექტების დროს მიღებული ყოველი ჩვენი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემომოყვანილი პრობლემის, საკითხის ერთიანად განხილვა, შესწავლა და პრაქტიკული დასკვნების გაკეთება, შესაძლებელია მხოლოდ მათემატიკისა და ინფორმატიკის მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით.
ქალაქის მართვის პრობლემები გაერთიანებულია „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციაში, რომელსაც ხშირად „ინფორმაციულ ქალაქსაც“ უწოდებენ. „ჭკვიანი ქალაქი“- ესაა ინტეგრაციის კონცეფცია, რომელიც მოითხოვს ე.წ. ინტეგრებული, იმიტაციური მოდელის გამოყენებას, სისტემური, მდგრადი, ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენს მიერ შექმნილი, „ჭკვიანი ქალაქის“ ერთიანი ვებ პლატფორმა, რომელიც “Google Maps” ტექნოლოგიებზეა დაყრდნობილი, წარმოადგენს პროგრამულ სისტემას, რომელიც აძლევს მომხმარებლებს საშუალებას აღრიცხონ და დაამუშაონ ქალაქების ობიექტების სხვადასხვა პარამეტრები სისტემური მათემატიკური თუ პროგრამული ხელსაწყოებით და შეაფასონ ყველა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქალაქში განსახორციელებელ ქმედებებს ეხება.