ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- სექტემბერი 21, 2020
18 სექტემბერს შედგა ცენტრის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „სტეროიდული გლიკოზიდები – მცენარეთა ზრდის სტიმულატორები“ გამოვიდა აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის საწყის ნედლეულად მოწოდებულია მცენარე იუკა დიდებულის (Yucca gloriosa) ფოთლებიდან გამოყოფილი სტეროიდული საპოგენინი – ტიგოგენინი, რომლის ნედლეულით უზრუნველყოფისათვის შირაქის ველზე დაახლოებით 150 ჰექტარზე იუკა დიდებულის პლანტაციაა გაშენებული.
იუკა დიდებული მრავალწლიანი, მარადმწვანე, უხვად მოყვავილე, მეტად სიცოცხლისუნარიანი ხე-ბუჩქია, ივითარებს 1-3 საყვავილე ღეროს, თითოეული მათგანისგან 70 გრამამდე ყვავილი შეიძლება შეგროვდეს. მცენარე 20-25 დღის განმავლობაში ყვავილობს, შემდეგ ყვავილები ჭკნება, ცვივა და გამოუყენებელი რჩება. სწორედ ამ ნარჩენებისგან შექმნილია მცენარეთა ზრდა-განვითარების სტიმულატორი პრეპარატ „ალექსინის“ სახელწოდებით. ეს წყალში კარგად ხსნადი, ბიოდეგრადირებადი, უვნებელი, ყავისფერი ამორფული ფხვნილია, გენეტიკური აქტიურობით არ ხასიათდება, მდიდარია სტეროიდული გლიკოზიდებით.
ლაბორატორიულ და საველე პირობებში ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ ალექსინის მცირე კონცენტრაციის 0,001-0,005% წყალხსნარებით მარცვლოვანი, პარკოსანი ბოსტნეული კულტურების თესლების თესვისწინა დამუშავებით, ანდა ნერგებზე შესხურებით, ჩქარდება თესლის გაღივება და აღმოცენება, იზრდება მათში არსებული ენერგიის დაშლა და გამოყენება, ძლიერდება ადაპტოგენობა სტრესული ნიადაგებისადმი, ერთგვარად მცირდება ვეგეტაციის პერიოდი, მიიღება ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხოვანი პროდუქტი. მაღლდება მოსავლიანობა ცალკეული კულტურების მიხედვით 15-50%-ით. ალექსინის მიღების ტექნოლოგია მარტივი და ეკონომიურია. მას გავლილი აქვს საწარმოო რეგისტრაცია და ნებადართულია პრაქტიკაში გამოყენებისათვის. 1 გრამი ალექსინის თვითღირებულება საორიენტაციოდ 0,50 ლარამდე შეადგენს.
მოხსენებამ, რომელიც ჩატარდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია; გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ცენტრის წევრები – აკადემიკოსები და დარგის სპეციალისტები. მიზანშეწონილად ჩაითვალა, რათა აკადემიამ ამ პერსპექტიული, მრავალწლიანი კვლევითი სამუშაოს შედეგების გასავრცელებლად მიმართოს მთავრობას შესაბამისი წინადადებებით.