ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ოქტომბერი 7, 2020
2020 წლის 2 ოქტომბერს შედგა ცენტრის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ცირკულარული ეკონომიკის ასპექტები და გამოწვევები საქართველოში“ გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი. მომხსენებელმა დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისა და მისი გავრცელების აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული ნარჩენების და საშიში ნივთიერებებით კონტამინაციის ზემოქმედების შემცირებასა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ წარმოებასა და მოხმარებას შორის გაბატონებული, წრფივი ეკონომიკური მიდგომები, სქემები და რეგულაციები მოძველდა, რადგან მოქმედებს პრინციპით „მოიპოვე-აწარმოე-მოიხმარე-გადაყარე“ და რესურსებს არაეფექტიანად მოიხმარს. შედეგად, რესურსების დეფიციტისა და გარემოს დაბინძურების საკითხები დღითიდღე მწვავდება, ხოლო შეზღუდული რესურსების ეფექტიანად მართვა და ნარჩენების შემცირება და შემდგომი გადამუშავება, რომელშიც დიდი მნიშვნელობა აქვთ მიკრობიოლოგიურ პროცესებს, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ცირკულარული ეკონომიკა წრფივი ეკონომიკის (წარმოება, მოხმარება, ნარჩენების გადაყრა) ალტერნატივაა, სადაც რესურსებს შეძლებისდაგვარად დიდხანს ვიყენებთ, სარგებლობისას მათი ღირებულების მაქსიმუმს მოვიხმართ, ხოლო შემდეგ, ექსპლუატაციის ყოველი ციკლის ბოლოს პროდუქტებსა თუ ნედლეულს აღვადგენთ და ახალ სიცოცხლეს შევძენთ.
პროფ. ს. პავლიაშვილმა განიხილა რესურსების მდგრადობა და ძირითადი გამოწვევები, გაეროს 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ამოცანები, შეაფასა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პერსპექტივები, ცირკულარული ეკონომიკის გავრცელების ძირითადი ეტაპები, ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაში, მისი ეკონომიკური მართვა, რისკები და შესაძლებლობები.
სხდომის დასასრულს ცენტრმა მოიწონა მოხსენება და მიიღო შესაბამისი დადგენილებები და რეკომენდაციები.