ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ოქტომბერი 17, 2020
ცენტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ზვიად კოვზირიძის მოხსენება: „ბიონანოკერამიკული სუპერპარამაგნეტიკების მიღება მაგნიტური სითხის ჰიპერთერმიისათვის და ლოკალური კანცერთერმია კიბოს დაავადებების სამკურნალოდ“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ განსახილველი მიმართულებით კვლევების ჩასატარებლად 2007 წელს შეიქმნა კლასტერი, რომელშიც შედიან კერამიკოსები, იმუნოლოგები, ფიზიკოსები, და ონკოლოგები. 140 ცხოველზე მიღებულია ერთნაირად დადებითი შედეგები. მკურნალობის 10-12 სეანსის შემდეგ ფილტვებში და ღვიძლში კიბოს უჯრედები და მეტასტაზირება არ აღმოჩნდა. შექმნილი ხელსაწყოს საშუალებით მიღებული იქნა 30-35 ნმ ზომის ნაწილაკები ჰიპერთერმიისათვის. 2013 წელს მიღებულია საქართველოს პატენტი # 5721: „ნანონაწილაკების მიღების ხერხი“. ფხვნილი შესწავლილ იქნა გერმანიის ქ. კლაუსტალის ფხვნილის სახლში “Nanofox” ხელსაწყოზე და აჩვენა საუკეთესო შედეგები ნაწილაკების დისტრიბუციისა და სუსპენზიის სტაბილურობის მხრივ. მიღებულ იქნა in vitro სამკურნალო ტემპერატურები – 42-440C, in vivo მუშაობა შეუძლებელი აღნოჩნდა, ვინაიდან საქართველოში ფიზიკოსები ცვლად მაგნიტურ ველებზე არ მუშაობენ. ამის შემდეგ ონკოლოგებთან შეთანხმებით სტუ ცენტრში შეიქმნა კლინიკური აპარატურები პაციენტებისათვის, ელექტრული ენერგიის სითბურ ენერგიად გარდასაქმნელად. პირველი აპარატურა ზედაპირული და შიდა ორგანოების სამკურნალოდ შეიქმნა 2014 წელს, ხოლო მეორე აპარატურა-სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის სამკურნალოდ – 2016 წელს.
კლინიკაში მოხალისე პაციენტების მკურნალობა სტუ-ში შექმნილი აპარატების LEZI-1 (საქართველოს პატენტი 6193, 2015 წელი) და LEZI (საქართველოს პატენტი 6374, 2015 წელი) საშუალებით ტარდებოდა. მეთოდის უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ პირველად საქართველოში შეიქმნა მართვადი ლოკალური Cancerthermia-ს მეთოდით მკურნალობისათვის კლინიკური აპარატურა. უპირატესობა არის ის, რომ ამ აპარატებით მკურნალობას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, რაც დასტურდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური და სამკურნალო საშუალებების კვლევის ცენტრში უვნებლობაზე ჩატარებული გამოცდით. ასევე შემუშავებულია სიმსივნის საწინააღმდეგო მონოთერაპიული მეთოდი და ტექნოლოგია კიბოს პოლიქიმიოთერაპიულ მკურნალობაში. ამ ტექნოლოგიურ ხერხზე მიღებულია საქართველოს პატენტი # 5054.
ცენტრის სხდომამ მოიწონა წარმოდგენილი მოხსენება და აღნიშნა ჩატარებული სამუშაოების აქტუალობა, აგრეთვე შესთავაზა მომხსენებელს უფრო ქმედითი კონტაქტები დაამყაროს ჩვენი ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ ცენტრებთან.