დიდნი საქმენი სასულიერო აკადემიისა
- თებერვალი 2, 2021
ვერ დავფარე კმაყოფილება, როცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებისა და ღვთისმეტყველების დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისგან ძღვნად მივიღე სასულიერო აკადემიის „საღვთისმეტყველო – სამეცნიერო შრომების (X-XI)“ ტომი. თვალწინ წარმომიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მიერ დაფუძნებული უკვე სამ ათეულ წელს გადაცილებული მაღალი დონის უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი. სასწავლებელი, რომელიც საეკლესიო კადრების სამჭედლოდ იქცა და მისი კურსდამთავრებულები ღირსეულად მოღვაწეობენ მთელს საქართველოში, მის სხვადასხვა კუთხეში, თავდადებით ემსახურებიან ეკლესიისკენ შემობრუნებულ ხალხს.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ სასულიერო აკადემიაში სერიოზული ყურადღება ექცევა საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარებას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პატრიარქის ძალისხმევითა და ლოცვა-კურთხევით აკადემიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო თეოლოგიაში, შეიქმნა დოქტორანტურა. მე მქონდა პატივი დავსწრებოდი საქართველოს საპატრიარქოში სადისერტაციო საბჭოს სხდომას, სადაც მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი დისერტაცია იქნა დაცული (ირაკლი ორჟონია). არ შეიძლება არ ვახსენოთ 1990 წელს დაარსებული გელათის სასულიერო აკადემია (აქ გარკვეული დროის მანძილზე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თავად ვკითხულობდი ლექციებს) და გელათის მეცნიერებათა აკადემია (1995 წ.). ეს მოვლენები უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში.
თბილისის სასულიერო აკადემიის „საღვთისმეტყველო – სამეცნიერო შრომების“ კრებული (გამოიცა 2020 წელს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობაში) თვალნათელი დადასტურებაა ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა, ამ მიმართულების მეცნიერთა თავდადებული და ღრმა მეცნიერული შრომისა. ჩემს მიზანს არ შეადგენს კრებულის შესახებ რეცენზიის დაწერა; ეს თავის მხრივ, რთული საქმეა ნაშრომთა სპეციფიურობის გამო. მინდა მხოლოდ მოკრძალებული აზრი გამოვთქვა და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო იმ დიდი ღვაწლისადმი, რაც სასულიერო აკადემიის მეცნიერებს მიუძღვით ზოგადად მეცნიერებისა და, კერძოდ, ღვთისმეტყველების სხვადასხვა დარგების კვლევა-განვითარებაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „შრომების“ კრებულს აშკარად ატყვია მისი რექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებისა და თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის დაკვირვებული ხედვა.
„შრომებში“ სხვადასხვა რუბრიკით (ღვთისმეტყველება, ეგზეგეტიკა, საეკლესიო ლინგვისტიკა, ანგელოლოგია, საეკლესიო ისტორია, ლიტურგიკა, ჰომილეტიკა, პატრისტიკული ეპისტოლოგრაფია, საეკლესიო პოლემიკა) არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევაა წარმოდგენილი. გავიმეორებ, რომ ყველა მათგანზე დაწვრილებით ვერ შევჩერდები. ცალკეული სტატიისა და ზოგადად კრებულის შესახებ შევეცდებით წარმოვადგინოთ ჩვენი აზრი.
„ღვთისმეტყველების“ რუბრიკის ქვეშ დაბეჭდილია აკადემიის რექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებისა და ღვთისმეტყველების დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სტატია „ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ერთი ჰომილიის უძველესი ქართული თარგმანი“, არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო, რომ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დიდ საორგანიზაციო საქმიანობასთან (იგი სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის – თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოადგილეა) ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა. მისი მონოგრაფია გრიგოლ ნოსელის თხზულების „ქალწულებისათვის და საღმრთოჲსა მოქალაქეობისა“ თარგმანის შესახებ ამ დარგის ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია. ცოტას თუ შევხვდებით ამგვარად რედაქციულად, მეცნიერულად და ტექნიკურად მოწესრიგებულ წიგნს.
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გამოარჩევს X საუკუნის ე.წ. „კლარჯულ მრავალთავში“ დაცულ ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ ერთ ჰომილიის, რომლის ავტორიც წმიდა ათანასე ალექსანდრიელია. არსებული ტექსტი ნაკლულია და ეს ერთგვარად ართულებს ჰომილის სრულფასოვან შესწავლას. ძეგლი თავისთავად მნიშვნელოვანია, სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ქართულად თარგმანი V-VI სს.-შია შესრულებული. გიორგი ზვიადაძემ გაარკვია, თუ რამდენად სიზუსტით არის თარგმნილი, შეაჯერა ბერძნულ ორიგინალთან, აჩვენა მიზეზი, თუ რამ განაპირობა განსხვავებული წაკითხვები. სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ჰომილიის ავტორის სწავლებას მაცხოვრის ამაღლებასთან დაკავშირებით, ხაზგასმულია ჰომელიისეული განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ დაიძლია სიკვდილი განკაცებული მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით. ფასეულია, რომ სტატიის ავტორი განიხილავს რა დეტალურად მთელ ქართულ ტექსტს, აღნიშნავს, რომ რიგი დებულებებისა, უხარვეზო ადგილებისა უფრო სწორია, ვიდრე ეს ბერძნულ ტექსტშია. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ჰომილიის ორიგინალის მიხედვით, ერთ ადგილას ნათქვამია: „სად არის შენთვის მბრძნობელი (მბრძნობელი – შემაცდენელს ნიშნავს) გველი?“. ქართულ თარგმანში (ლათინურ თარგმანშიც) ეს არ დასტურდება. თავის მხრივ ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ ეშმაკმა (გველის სახით) შეაცდინა ევა. გიორგი ზვიადაძე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ძეგლში გადმოცემულია სწავლება ადამიანის, როგორც ღვთის ხატის შესახებ, უკავშირდება ადამიანის დაცემის შემდგომ ვითარებას, ხაზს უსვამს, რომ ქართულ თარგმანში გამოყენებულია ტერმინი „წარწყმედა“.
მიუხედავად იმისა, რომ თარგმანი ნაკლულია, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნარკვევი მაინც ნათლად გვიჩვენებს, რომ ჰომელიაში მოცემული სწავლებანი ფასეულია მრავალი კუთხით. მასში წარმოჩენილია ქრისტოლოგიური სწავლებანი (ღვთის განკაცება, ადამიანთა მოდგმის გამოხსნა, მკვდრეთით აღდგომა, ამაღლება). პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სტატიაში მოცემული კვლევა უთუოდ ფასეულია საეკლესიო ღვთისმეტყველების მეცნიერებისთვის.
„შრომებში“ წარმოდგენილია ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია რაფავას სტატია „საღვთო სახელთა გრამატიკული ართრონის შესახებ თეოდორე აბუკურას ერთ ტრაქტატში“ (რუბრიკა „საეკლესიო ლინგვისტიკა“) აბუკურა ქრისტიანი არაბი მწერალი თეოდორე ხარანელია (ან ხარანის ეპისკოპოსი). პროფესორ მაია რაფავას მოჰყავს მართლმადიდებელ მოძღვართა პოლემიკა მწვალებლებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი განმარტება (შესაბამისად გამოყენება) ჰქონდა გრამატიკულ ართრონს წმინდა სამების ჰიპოსტასთა სახელებთან მიმართებაში. საქმე ისაა, რომ მწვალებლები არ სცნობდნენ წმინდა სამების პირთა ერთარსებობასა და სრულ თანასწორობას. სტატიაში საპირისპიროდ მოტანილია წმიდა იოანე ოქროპირის ქადაგებანი, სადაც ეკლესიის დიდი მოღვაწე განმარტავს სახელებს: „ღმერთი“, „უფალი“, „სულიწმინდა“.
პროფესორი მაია რაფავა წარმოადგენს თეოდორე აბუკურას ტრაქტატს, რომლის სახელწოდებაა „მოძღვრებაჲ შემოკლებული საღმრთოთა სახელთათვის საზოგადოთა სამებისათა და განთავსებულთა თითოეულისა გუამისათა“ (ქართული თარგმანი შესრულებულია არსენ იყალთოელის მიერ). ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თეოდორე აბუკურას აზრს: „სულიწმინდისა“ და უბრალო „სულის“ სახელდებისას ადგილი აქვს რაიმე სიტყვის მახასიათებლის ან ართრონის დასმას. იგივე მოსაზრებისაა ათანასე ალექსანდრიელი. ქართველი ავტორების მიხედვით ართრონი ამშვენებს სიტყვას, ასეთივეა პროფესორ მაია რაფავას აზრით თეოდორე აბუკურას ტრაქტატში ართრონის საღვთისმეტყველო გააზრებაც.
გამორჩეულად საინტერესოა პროფესორ ედიშერ ჭელიძის სტატია „წმ. მელქისედეკ კათოლიკოს-პარტრიარქის ანდერძისა და ე.წ. მცხეთის აღაპის შესახებ“. სტატიის ავტორი მაღალ პროფესიულ დონეზე, კრიტიკულად განიხილავს გადმოცემას და შესაბამისად მეცნიერთა მოსაზრებებს – თითქოს მცხეთაში არსებულ ტრადიციას – აღაპის აღნიშვნის თაობაზე, რომელსაც აკავშირებენ პატრიარქ მელქისედეკ I-ის სახელთან და რომელსაც, გადმოცემის მიხედვით ხარების დღეს (25 მარტს) აღნიშნავდნენ. პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ სხვადასხვა წყაროებისა და ლიტერატურის მოხმობის საფუძველზე დაადგინა, რომ ტერმინ „აღაპს“ აქვს „საუკუნო მოსახსენებლის“ მნიშვნელობა და გარდაცვლილობას და საუკუნო განსვენებულობას უკავშირდება. მან მაღალი ტაქტით, ამასთან ჭეშმარიტებით აჩვენა აკადემიკოს კ. კეკელიძის მოსაზრების მცდარობა აღვსების დღეს აღაპის განწესების შესაძლებლობის შესახებ. ე. ჭელიძეს მოაქვს მეტად მნიშვნელოვანი მასალა, რომლითაც აქარწყლებს „მცხეთის აღაპის“ შესახებ ცთომილებას. ამასთან მიუთითებს, რომ მიუხედავად მელქისედეკ I-ის მიერ ყველა იმ პირის დაგმობისა, ვინც ანდერძს შეცვლიდა („ვინ აქციოს, კრულია დაუსაბამოისა ღმრთისა პირითა, წმიდისა ეკლესიისა მადლითა, წმიდათა მოციქულთა მადლითა და ყოველწმიდათა მადლითა; კრულმცა არს სულით და ხორცით, ორსავე ცხოვრებასა ამისა გამტეხელი…“), საბუთმა მაინც მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, კერძოდ, უგულებელყოფილ იქნა „მექლისედეკის ძმების აღაპი“ (როგორც თავიდან ორიგინალში იყო მითითებული). პროფესორი ედიშერ ჭელიძე აყენებს საკითხს, რომ აღდგეს ხარება – დღეს მელქისედეკის ხორციელი ძმების აღაპი.
ჩვენი სტატიის ფორმატი არ იძლევა საშუალებას „შრომებში“ შესული ყველა მასალის დეტალურად განხილვისა. არადა ნარკვევები მეტად მნიშვნელოვანია და თავისი წვლილი შეაქვთ საღვთისმეტყველო მეცნიერებაში. საინტერესოა დეკანოზ ბიძინა გუნიას „კომენტარები საპასექო თხზულების „საუკუნო კალენდრის“ ფრაგმენტებზე“. ავტორი გვაძლევს თხზულების ტექსტს. დაზუსტებული აქვს ცალკეული ფრაგმენტები და საგანგებო კომენტარსაც ურთავს. ვფიქრობთ, ღრმა გამოკვლევაა ირაკლი ორჟონიას „ძველი აღთქმის თეოფანიები და მათი ეგზეგეზისი“, ავტორი ასკვნის, რომ მართალთათვის განცხადებული თეოფანია არა ყოვლად წმიდა სამების, ან მამის, ძისა და სულიწმინდის არსობრივი შემეცნებაა, არამედ განკაცებადი ღმერთის ადამიანთა წინაშე ადამიანის სახით გამოცხადებაა.
მირიან გუნია სტატიაში „დაცემული ანგელოზის „მთიებად“ სახელდება“ მიანიშნებს, რომ შურსა და ამპარტავნობას დამონებული, ეშმაკად წოდებული დაცემული ანგელოზი მარადიული ნეტარების წილმქონე იყო და მის მიმართ გამოყენებული იყო ტერმინები „მთიები“ ანუ „ცისკრის ვარსკვლავი“ (გავიხსენოთ წმინდა წერილის შერისხვა: „როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა“).
ლაშა ტყებუჩავას თავის სტატიაში დეტალურად აქვს განხილული ევაგრე პონტოელის შრომის „ბოროტების რვა სულის შესახებ წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი. მოტანილი აქვს თხზულების ტექსტიც. მღვდელი იოვანე ბონდარენკო გვთავაზობს იოანე სინელის „კლემაქსის“ გელათური თარგმნის მეოთხე თავს („მორჩილებისათვის“). მნიშვნელოვანია, რომ ავტორი გვაძლევს „კლემაქსის“ მეოთხე თავის სრულ ტექსტს ბერძნულ ორიგინალთან ერთად.
„შრომებში“ დაბეჭდილია ლაშა ტყებუჩავას მეორე სტატია, რომელიც ეხება წმ. თეოდორე სტოლიერის „სწავლანი სულიერნი-ს“ გიორგი მთაწმინდელისეულ თარგმანს. დაბეჭდილია ქართული ტექსტიც.
„შრომების“ რუბრიკაში „პატრიოტული ეპისტოლოგრაფია“ დაბეჭდილია რატი სტურუას სტატია „წმ. მარკოზ მონაზონის ასკეტური ეპისტოლის ძველი ქართული თარგმანი“. სასარგებლოა მოცემული ბერძნული და ქართული ტექსტების შეჯერება-ანალიზი, დაბეჭდილია ტექსტი – ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანი. ტექსტს აქვს საენებო კრიტიკული აპარატი და ლექსიკონი.
სასულიერო აკადემიის „შრომები“ სრულდება პოლემიკური წერილით, რომლის ავტორი არის პროფესორი ედიშერ ჭელიძე. საკითხი ასე დგას – „აქვს თუ არა მამა-ღმერთს არსებობა თავისი თავისაგან?“ (იოანე დამასკელის ერთი საღვთისმეტყველო გამონათქვამის შესახებ). ფართო წყაროთმცოდნეობით ბაზაზე დაყრდნობით, სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენების საფუძველზე პროფ. ედიშერ ჭელიძე ასკვნის, რომ იოანე დამასკელის მიერ გამოყენებული გამოთქმა „თავისი თავისაგან“ გამოყენებულია მიზეზობრივად, რასაც ადასტურებს ექვთიმე ათონელისეული „თავით თჳსით“ –(თანამედროვე ქართულით „თავისთავად“). ტერმინი შესატყვისია ერთი მხრივ, ბუნებითი ღმერთისა (ყოვლად წმინდა სამების), მეორე მხრივ საკუთრივ მამა ღმერთისა, ვინაიდან მამის ჰიპოსტასს თავისთავად აქვს არსებობის უფლება.
„შრომები“ თვალნათლივ ასაბუთებს, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აქტიურ სასწავლო პროცესთან ერთად მეცნიერული საქმიანობაც მაღალ დონეზეა. ეს, პირდაპირ უნდა ითქვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მაღალი ყურადღებითაა განპირობებული. არ შეიძლება განსაკუთრებულად არ აღვნიშნოთ აკადემიის რექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებისა და ღვთისმეტყველების დოქტორის, პროფესორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თავდადებული შრომა აკადემიის წინსვლისათვის. აკადემიას ამშვენებს მეცნიერულად ძლიერი პროფესურა. ყოველივე ამან – მსმენელებთან ინტენსიურმა შრომამ და ჩაღრმავებულმა მეცნიერულმა მოღვაწეობამ სასულიერო აკადემიას დიდი აღიარება მოუტანა. წარმატებას ვუსურვებ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას თავის დიდ საშვილიშვილო პატრიოტულ საქმიანობაში.
აკადემიკოსი როინ მეტრეველი