გელათის სასულიერო აკადემია – 30

გელათის სასულიერო აკადემია – 30

  • იანვარი 19, 2021

არ შემიძლია ჩემი კმაყოფილება დავფარო – პატივი მაქვს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი საღვთისმეტყველო მძლავრ კერპს – გელათის სასულიერო აკადემიას დაარსების ოცდაათი წელი მივულოცო.

აკადემიის დაფუძნება – აღორძინება ჩვენი დიდი პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II – ის დიდი მცდელობის შედეგია. ილია II-ის დიდმა ავტორიტეტმა და ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების შემდეგ, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში გელათის აკადემიასაც თავისი ადგილი დაეკავებინა.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ სწორედ ეკლესია წარმართავდა საგანმანათლებლო საქმიანობას. წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის აკადემია (უნივერსიტეტი) რომელიც რწმენისა და ცოდნის შერწყმის (,,ახალი იერუსალიმი და სხუა ათინა’’) აუცილებლობის პრინციპებს ქადაგებდა, იყო დიდი საფუძველი შემდგომში ქვეყანაში მაღალი დონის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფისა. სიამაყით ვაცხადებ, რომ დღევანდელი იუბილარი – გელათის სასულიერო აკადემია არის მემკვიდრე სწორედ XII საუკუნის გელათის საღვთისმეტყველო კერისა. აკადემია ერთგულია ჩვენი დიდი ტრადიციებისა და შემართებით გადასცემს ახალგაზრდებს სამეცნიერო ცოდნას.

ჩემთვის პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა იყო, როცა აკადემიის გახსნის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიმიწვია და ლოცვა-კურთხევა მომცა საქართველოს ისტორიის კურსი წამეკითხა გელათის სასულიერო აკადემიაში. მე დიდი ენთუზიაზმით შევუდექი საქმეს – საგანგებოდ ჩავდიოდი ქუთაისში და კვირაში ორი დღე (პარასკევი, შაბათი) გელათის აკადემიაში მსმენელებს ვუკითხავდი საქართველოს ისტორიას (პარალელურად ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში მიმყავდა საქართველოს ისტორიის ზოგადი და სპეც. კურსები).

მახარებს, რომ ბევრი იმდროინდელი ჩემი მსმენელი დღეს საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში ეწევა მღვდელმსახურებას. ლექციებს გელათში ზოგჯერ აკადემიის ძველ ნაფუძარზე ვატარებდი და ესეც შემართებას მმატებდა. ნიშანდობლივია, რომ შაბათობით ლექციების შემდეგ (ოთხ აკადემიურ საათს ვკითხულობდი) საგანგებოდ მოდიოდა ქუთათელი მიტროპოლიტი, აკადემიის რექტორი მეუფე კალისტრატე. ერთ დღეს ასეთი ვიზიტის დროს ლექციების დამთავრების შემდეგ მეუფე კალისტრატემ მთხოვა სატრაპეზოდ მეწვიეო. მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ 2-3 საათის შემდეგ ქუთაისის უნივერსიტეტში მქონდა ლექცია და ცოტა შევჭოჭმანდი; მეუფემ გაიღიმა და მითხრა დროის პრობლემა არ გექნებათ, სადილი აქვე გელათის ტაძრის გვერდით სახლში, ტაძრის ზედამხედველის კოსტია ჯანგვაძის ბინაშიაო. ამის გახსენება საჭიროდ მივიჩნიე იმიტომ, რომ თვით კ. ჯანგვაძე ღირსეული პიროვნება აღმოჩნდა და ბევრს ზრუნავდა გელათის არქიტექტურული  კომპლექსის დაცვაზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ გელათის აკადემიამ სამი ათწლეულის მანძილზე სასარგებლო ეროვნული საქმეები აკეთა. მნიშვნელოვანია, რომ აქ სწავლებასთან ერთად კვლევაც მიმდინარეობს, რაც აკადემიას მეცნიერულ წონას ჰმატებს. ოცდაათი წელი აკადემიისათვის გამოცდის დროც იყო და ეს გამოცდა წარმატებით იქნა დაძლეული. საქართველოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორეს მიერ გადადგმულმა უმნიშვნელოვანესმა ნაბიჯებმა ქვეყანა, ხალხი ეკლესიისკენ მოაქცია. მრავალმხრივ ნაყოფიერ საქმიანობაში პატრიარქის ყურადღება პერმანენტულადაა მიპყრობილი სწავლა-განათლების პრობლემებისადმი. მისი მოთხოვნით, ჭეშმარიტი მეცნიერება ქრისტიანული რწმენით უნდა იყოს გაჯერებული; სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, რომ გელათის სასულიერო აკადემია ღირსებით ასრულებს ამ პარადიგმას. ასე რომ შეიძლება გარკვევით ითქვას – გელათის სასულიერო აკადემია მაღალ დონეზე ასრულებს ქვეყნის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო განათლების ცენტრის ფუნქციას.

როცა აკადემიის ოცდაათწლიან ღვაწლსა და წარმატებებზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია ხაზი გავუსვათ პედაგოგიური კოლექტივისა და ხელმძღვანელობის, პირადად რექტორის ღვაწლს ამ საქმეში.

გულწრფელად ვულოცავ მნიშვნელოვან იუბილეს მთელი საქართველოს მორწმუნე საზოგადოებას, ოცდაათი წლის გელათის აკადემიის მთელ კოლექტივს, მსმენელებს, რექტორს დეკანოზ ირაკლი ახალაძეს. ვისურვებ და შევთხოვ უფალს, რომ გელათის სასულიერო აკადემიამ კვლავაც წარმატებით გააგრძელოს თავისი დიდი და ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობა.

 

აკადემიკოსი როინ მეტრეველი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი