ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მარტი 1, 2021
„პრუსიულ-რუსული“ განათლების სისტემა და დღევანდელი ქართული რეალობა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდუმთან არსებულმა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ“ პანდემიის გამო შეჩერებული სხდომები გაანახლა. 2021 წლის 25 თებერვალს პირველი სხდომა ჩატარდა თემაზე: „განათლება როგორც გლობალური პრობლემა“; (მომხსენებლები: არქიტექტორი, ტარიელ ჩიგოგიძე და ეკა ჩიგოგიძე).
კომისიის თავმჯდომარემ ელიზბარ ჯაველიძემ დღეს საქართველოში არსებულ პრობლემებთან ერთად, მოკლედ მიმოიხილა განათლების პრობლემებიც. შემდეგ კი სიტყვა დაუთმო მომსხენებელს – ტარიელ ჩიგოგიძეს.
ტარიელ ჩიგოგიძის განმარტებით, მათ ნაშრომში წარმოდგენილი სწავლების პრინციპულად ახალი მოდელი ემყარება ცხოვრებისეულ გამოცდილებას, დიდძალ სპეციალურ ლიტერატურას და მათი ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ კონცეპტუალურ პრინციპებს.
საინტერესოა მათ მიერ შემუშავებული განათლების სისტემა, რომელიც შედგება სამი ძირითადი ეტაპისაგან:
ა) დაწყებითი სწავლება – სკოლაში ყველა ბავშვი მიიღება ტესტირების გარეშე. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით საჭიროა ყველა ბავშვმა შეისწავლოს წერა-კითხვა, არითმეტიკა და ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი საგანი;
ბ) ზოგადი ნიჭის დადგენა:
მეშვიდე კლასიდან ხდება ზოგადი ნიჭის დადგენა, შესაბამისი ტესტირების საშუალებით, ეს კი ხელს შეუწყობს სწავლების დიფერენცირებას ინდივიდუალური ნიჭის მიხედვით (ანუ ერთნაირი ნიჭის ბავშვების ერთ ჯგუფად გაერთიანებას) ამგვარად, მეშვიდე, მერვე, და მეცხრე კლასში მოსწავლეთა მომზადება ხდება მხოლოდ ფართო კონკრეტული პროფილით.
გ) კონკრეტული სპეციალობის შერჩევა:
მეათე კლასში გადასვლისას მოსწავლე და პედაგოგი საზღვრავენ ინდივიდუალური ნიჭის გათვალისწინებით ბავშვის სპეციალობის შერჩევას.
და ბოლოს, რადგანაც „განათლების“ არსებული სისტემის პრობლემები გლობალურია, ამიტომ „სხვასთან“ უცხოეთში განათლების ახალი პროგრესული სისტემის მოძიება უაზრობაა, ამის დასტურად კი, გამოდგება “საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – (საქპატენტის“ მიერ, საერთაშორისო საიტზე დეპონირებული – ტარიელ და ეკა ჩიგოგიძეების სამეცნიერო- მეთოდური ნაშრომი – “განათლება როგორც გლობალური პრობლემა“ (კონცეპტუალური ესსე “აი ია“), 2019 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული „მოწმობა 7754“, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ნაშრომის საერთაშორისო „პრიორიტეტულობა“.
იფიქრე, განსაჯე, გაისარჯე – სხვაგვარად ერი განწირულია.
სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს- მდივანი რამაზ ხუროძე; აკადემიკოსები: თინათინ სადუნიშვილი, ავთანდილ არაბული, ვალერი ასათიანი, რამაზ ხეცურიანი, თამაზ შილაკაძე; ასევე – პაატა გიორგაძე, პარმენ მარგველაშვილი, მერაბ ახობაძე, მინდია უგრეხელიძე, ანზორ თოთაძე, ომარ გოგიაშვილი, რომან რურუა, ვახტანგ ხარჩილავა და სხვები.
კომისის სხდომაზე წარმოდგენილი თემის განხილვისას გარკვეულ დეტალებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, გადაწყდა თანამოაზრეთა ჯგუფის შექმნა, ავთანდილ არაბულის, პარმენ მარგველასვილის, მერაბ ახობაძის შემადგენლობით, რომლებიც მოახდენენ წარმოდგენილი განათლების ახალი სისტემის დეტალურ ანალიზს და დასახავენ მოქმედების სტრატეგიას, ასევე ხელისუფლებას მიაწვდიან აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მათ ხედვას.