გელათის კვლევისა და რეაბილიტაციის ისტორია
- მარტი 9, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2021 წლის 5 მარტს, ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომაზე სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფრიად საინტერესო მოხსენება – „გელათის კვლევისა და რეაბილიტაციის ისტორია“ (მომხსენებელი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე); მოხსენება მიეძღვნა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტს. მომხსენებელმა ისაუბრა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტზე, მისი ინტერდისიციპლინარული კვლევის (არქეოლოგიური, ისტორიული, არქიტექტურული, საინჟინრო-კონსტრუქციული, სახელოვნებათმცოდნეო, გეოლოგიური და ა. შ.) შედეგებზე. პრეზენტაცია შეეხო ძეგლზე არსებული პრობლემების კლევას და მათი გადაწყვეტის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც პროექტირების ეტაპზე, ასევე რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილ ახალ გამოწვევებთან მიმართებაში; მათ შორის, კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გადახურვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების იდენტიფიკაციის საკითხებს.
პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, პრეზიდიუმის წევრები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და გადაწყდა მოხსენება მიღებულ იქნეს ცნობად.